პარიზი

პარიზში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ

109
(განახლებულია 21:15 18.06.2019)
ფრანგი მაყურებელი ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს გაეცნობა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და კომპოზიტორის მიხეილ კობახიძის ფილმებს 19 ივნისს ფრანგულ „სინემათეკაში“ (La Cinémathèque française) აჩვენებენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

საუბრები სელინჯერსა და ლინჩზე: ბენდუქიძის კამპუსში Art Weekend-ი იწყება >>

ფრანგული სინემათეკა – მსოფლიოში უდიდესი არქივია, რომელშიც ინახება ფილმები და კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული დოკუმენტები და რეკვიზიტები. ის 1936 წელს გაიხსნა.

პარიზში საიუბილეო კინოჩვენება ქართველი რეჟისორის 80 წლისთავს ეძღვნება. კინემატოგრაფიის მოყვარულებს უჩვენებენ ქართველი პროფესიონალის ისეთ ცნობილ ფილმებს, როგორიცაა „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“ და სხვ.

რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ახალი დოკუმენტური ფილმიც, რომელიც რეჟისორმა ლაშა ოთხმეზურმა მიხეილ კობახიძის შესახებ გადაიღო. ფილმის მთავარი გმირია კობახიძე, რომელიც მაყურებელს თავისი შემოქმედების შესახებ უამბობს.

დოკუმენტური ფილმი „დაკარგული 8½" გამოჩენილი რეჟისორის ექვსი კინონოველის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კობახიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იღებდა. ფილმი სახელწოდებით „დაკარგული 8½" ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.

ქართველი მაესტრო

მიხეილ კობახიძე დაიბადა თბილისში 1939 წელს. 1959-1965 წლებში ВГИК-ში სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტებზე სწავლობდა. გადაღება მეორე კურსიდან დაიწყო.

1961 წლიდან თანამშრომლობდა სტუდია „ქართულ ფილმთან“, იღებდა მოკლემეტრაჟიან და მულტიპლიკაციურ ფილმებს. ფილმისთვის „ქოლგა“ 1967 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს კრაკოვის ფესტივალზე გადაეცა ჯილდო „ვერცხლის დრაკონი“. საერთო ჯამში კობახიძემ საქართველოში როგორც რეჟისორმა გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1996 წლიდან ცხოვრობს პარიზში.

ფილმებზე მუშაობის გარდა კობახიძემ დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: „ცნობისმოყვარე“, „ორი ნოველა. ოპტიმისტი“, „გამოქვაბულში“, „ყალიონი“, „ზღვაზე“, „ბოლო წვეთი“, „საიდუმლო“, „მოსავალი“, „მწვანე ტოტი“ და „წმინდა მელა“.

1996 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა შედგა.

109
თემები:
საქართველო და კულტურა (891)
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება

42
(განახლებულია 19:26 09.08.2020)
პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს. ახლა კი, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი მაინც გაიმართება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 17–20 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

უფრო ადრე ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს, თუმცა ახლა, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება გაიმართება.

ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ქართული სიმფონიური ორკესტრი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და სხვა მუსიკოსები.

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.

42
თემები:
საქართველო და კულტურა (891)
ლიანა ისაკაძე

ფესტივალი „ღამის სერენადები“ განსაკუთრებულ ფორმატში გაიმართება

66
(განახლებულია 11:13 08.08.2020)
წელს ფესტივალი მოკრძალებულად ჩატარდება – კორონავირუსის პანდემიის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უცხოელი მუსიკოსები და ის ცარიელ დარბაზში გაიმართება

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. რიგით მეთორმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით განსაკუთრებულ ფორმატში ჩატარდება.

როგორც Sputnik–საქართველოს ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველად გაიმართება ონლაინ–რეჟიმში და უცხოელი მუსიკოსების გარეშე. გარემოებების მიუხედავად ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ საკონცერტო საღამოებზე აჟღერდება კლასიკური მუსიკის შედევრები და ასევე გაიმართება თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერები.

ფესტივალი, ტრადიციულად, 27 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიხსნება. ონლაინ–ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს.

კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლისთავს მიეძღვნება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი კონკურსის ლაურეატი, პიანისტი თამარ ლიჩელი და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

კონცერტები 2 და 4 სექტემბერს თბილისში გაიმართება. საღამოზე გამოვლენ ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით, პიანისტები სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე და ელენე შავერზაშვილი.

თბილისიდან ლაივ–სტრიმს Lenovo Records განახორციელებს, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ტელეკომპანიებთნ.

ფესტივალის პროგრამაში სამი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების პრემიერები. ესაა სანდრო ნებიერიძის კონცერტი №2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის, გიორგი შავერზაშვილის კონცერტი №4 ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისთვის, ჯიმშერ ჩხაიძის „სენტიმენტები“კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის პრემიერა გერმანიაში 2011 წელს გაიმართა, თუმცა საქართველოში ის პირველად აჟღერდება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად აჭარაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

66
თემები:
საქართველო და კულტურა (891)
შალვა ახალციხელის ტაძარი ახალციხეში

ახალციხეში ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი ღვთისმსახურება აღევლინა

0
საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მთავრობის წევრები

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ახალციხის ახლად აშენებულ შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

შალვა ახალციხელი ქართული ჯარის მფარველია. შალვა და ივანე ახალციხელები გმირი ძმები არიან, რომლებმაც მე–13 საუკუნის დასაწყისში ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლებში გაითქვეს სახელი. ივანე ახალციხელი გარნისის კლდეებში ბრძოლისას გარდაიცვალა, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს. მას მუსლიმობის სანაცვლოდ თავისუფლება შესთავაზეს, თუმცა შალვა ახალციხელმა თავის რწმენას არ უღალატა და ის საშინლად აწამეს და მოკლეს.

საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მთავრობის წევრები. ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

მეუფემ დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

გახარიამ აღნიშნა, რომ შალვა ახალციხელის ტაძრის გახსნა დიდი ზეიმია არა მხოლოდ ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

„ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება, რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მშვიდობა და წინსვლა უსურვა ახალციხელებს და ისურვა, რომ საქართველოში მეტი ამგვარი ტაძარი აშენდეს.

შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო.

0