ახალ რეალობაში: თბილისში გოგი მიქელაძის გამოფენა გაიმართება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსახვითი ხელოვნების მუზეუმი
სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგი მიქელაძის გამოფენის სტუმრები იხილავენ მხატვრის შემოქმედებას: ესკიზებს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის გოგი მიქელაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ოპტიკური ინტერაქცია" გაიმართება.

გამოფენა 20-28 ივნისს გაიმართება. სტუმრები იხილავენ მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ესკიზები მხატვრული ფილმიდან „სად მიდის ლიზა", რომლის რეჟისორია ნანა ჯანელიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი და ანიმაციის მხატვარია გოგი მიქელაძე.

„ქარვასლაში“ გამოფენა „პოეტური მისტერიები“ გაიხსნება>>

გოგი მიქელაძე 1946 წელს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

მულტიმედიური გამოფენა „Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში - Sputnik საქართველო
ვირტუალური მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში: თბილისში მულტიმედიური გამოფენა გაიხსნა

მხატვარი ადრეული პერიოდიდან იჩენს ინტერესს მოცულობითი კომპოზიციების მიმართ, იყენებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, სარკეს, ლინზას. ამრეკლავი ზედაპირების გამოყენებით ობიექტები განსხვავებულ დატვირთვას იძენს და დამთვალიერებელი ახალ რეალობაში გადაჰყავს, აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.

1970 წლიდან გოგი მიქელაძის ნამუშევრების გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, აშშ-ში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ბერლინში 1995 წელს შედგა, ხოლო 1999 წელს – აშშ-ში, პენსილვანიის შტატში.

გოგი მიქელაძე არის კინოსტუდია „ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი. მუშაობდა ფილმებზე „ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1980, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „დღეს ღამე უთენებია" (1982, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „მონანიება" (1984, რეჟისორი: თენგიზ აბულაძე), „ორომტრიალი" (1986, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „ოტელო" (2003, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „საშობაო საჩუქარი" (2004, რეჟისორი: ნანა ჯანელიძე), „სავარძელი" (2017, რეჟისორი: ელდარ შენგელაია);  სპექტაკლებზე - „საჩუქარი" (2005) და „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში" (1986). მიღებული აქვს კინოაკადემიის ჯილდო „ნიკა" (1987), ასევე სახელმწიფო პრემიები ფილმებისთვის: „ეი, მაესტრო" (რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე), „დედაო ღვთისა" (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი) და „გზა მაცხოვრისა" (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი).

ყველა ახალი ამბავი
0