აჭარის პეიზაჟები

სწავლა ზღვაზე: საერთაშორისო საზაფხულო თეატრალური სკოლა შეკვეთილში გაიხსნება

19
(განახლებულია 23:32 08.06.2019)
სტუდენტები ზღვაზე შეისწავლიან რუსულ სასცენო მეტყველებას, სასცენო მოძრაობას და სამსახიობო ოსტატობას

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საზაფხულო თეატრალური სკოლა, რომელშიც შეიკრიბებიან მსახიობები რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, 20-30 ივნისს შეკვეთილში ამოქმედდება, უამბეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

პროექტის მიზანია - რუსული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებისთვის დახმარების გაწევა პროფესიული ზრდის კუთხით, ასევე შემოქმედებითი და ადამიანური კავშირების განვითარება და განმტკიცება. ახალგაზრდებს ექნებათ ახლო კონტაქტი რუსულ თეატრთან.

საზაფხულო სკოლის პროგრამაში შევა ტრენინგ-კურსები რუსულ სასცენო მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და სამსახიობო ოსტატობაში, ასევე ლექციები თანამედროვე რუსული თეატრის ისტორიაში.

სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ რუსული თეატრალური სასწავლებლების წამყვანი სპეციალისტები. მათ შორის - პროფესორები, პედაგოგები და სცენიური მეტყველების და პლასტიკის კათედრების გამგეები ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტიდან და „გიტისიდან“.

რუსთაველის თეატრი მოსკოვში გასტროლებზე მიდის >>

სკოლის საპატიო სტუმარია - თეატრალური კრიტიკოსი, „გიტისის“ რექტორი გრიგორი ზასლავსკი, რომელიც ლექციებს თანამედროვე რუსული თეატრის ისტორიაში წაიკითხავს.

პროექტის ფარგლებში ქართველი რეჟისორებიდან და პედაგოგებიდან სამსახიობო ოსტატობაში მასტერ-კლასებს ჩაატარებენ საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი თემურ ჩხაიძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს ახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი და ანდრო ენუქიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე პედაგოგები და არტისტები მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ესენი არიან კონსტანტინ ხარეტი, მოლდოვის სახალხო არტისტი და ჩეხოვის სახელობის კიშინიოვის სახელმწიფო რუსული თეატრის დირექტორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ლიუდმილა დუხოვნაია და კარენ ნერსისიანი - სტანისლავსკის სახელობის ერევნის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“.

19
თემები:
საქართველო და კულტურა (362)