„ქარვასლაში“ გამოფენა „პოეტური მისტერიები“ გაიხსნება

© photo: Lizi Budagashvili / FBმხატვარი ლიზი ბუდაღაშვილი
მხატვარი ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუბლიკა 19 წლის მხატვარი გოგონას ბოლო ერთ წელიწადში შექმნილ მისტიკურ ტილოებს იხილავს

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა „პოეტური მისტერიები“ ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 2019 წლის 11 ივნისს გაიხსნება.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
წარსულში დაბრუნება: თბილისში ფირის ფოტოგრაფიის გამოფენა გაიმართება

ლიზი ბუდაღაშვილი 19 წლისაა. თუმცა ასაკის მიუხედავად, იგი არაერთი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. მოღვაწეობს სამ დარგში: ხატავს, უკრავს და ქმნის მუსიკას, წერს ლექსებსა და ნოველებს.

ბუდაღაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენები იმართება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახალი სასწავლო წლიდან გოგონა ფლორიდაში, რინგლინგის სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში მიემგზავრება სასწავლებლად.

„მის ნამუშევრებში ვხვდებით პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს, აბსტრაქტულ კომპოზიციებს ადამიანის ფიგურის მონაწილეობით, ინტერიერს, სადაც იგრძნობა ხელოვანის მიერ ადამიანის შემეცნების სურვილი. პორტრეტებში ავტორთან მსგავსება იგრძნობა. ადამიანის მისტიკას იგი, პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებს, რადგან საკუთარი თავი ყველაზე მისტიკური სუბიექტია ადამიანისთვის. ხელოვანი მისტერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც პროექტის სახელწოდებაშიც იგრძნობა - „პოეტური მისტერიები“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

დამთვალიერებლები ნახავენ ლიზი ბუდაღაშვილის მიერ ბოლო ერთ წელიწადში შექმნილ ტილოებს. მათი დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება.

ბათუმში თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება >>

გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია „ქარვასლაში“ 18 ივნისის ჩათვლით გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0