„ცუდ ხალხს" საქართველოდან კალიფორნიაშიც ნახავენ

გამოწერა
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 300-ზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი" მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „პალმ სპრინგსის" საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

ფესტივალი Palm Springs კალიფორნიაში (აშშ) 1989 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. „ცუდ ხალხს" მაყურებელს 22 ივნისს უჩვენებენ. ქართულ ფილმთან ერთად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ ფილმები Al Gong (ტაივანი), Lockdown (აშშ), Baya (ბელგია), Bastard (აზერბაიჯანი) და კიდევ 300–ზე მეტი ფილმი.

ფილმის შესახებ

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის ე.წ. თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და სხვ.

ფესტივალების და კონგრესების სასახლე კრუაზეტის სანაპიროზე კანში - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - კანის კინოფესტივალზე ლევან აკინის ფილმს აჩვენებენ

19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში მოკლემეტრაჟიან ფილმში „ცუდი ხალხი" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე Redline International Film Festival საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.

სულ ახლახან კი ფილმმა ლონდონში გამართულ ფესტივალზე Discover Film Awards „საუკეთესო საერთაშორისო დრამის" ჯილდო მიიღო. მაისში ფილმმა ასევე გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკაში გამართულ ახალ კინოფესტივალზე Nightlight Impact Awards Festival ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი".

 

ყველა ახალი ამბავი
0