ეკლესია მახათას მთაზე

სიახლე მახათას მთაზე: თბილისში ახალი მუზეუმი აშენდება

145

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი მემორანდუმი საპატრიარქოს, მთავრობასა და ფონდ „ივერიისას“ შორის უკვე გაფორმდა.

„ეს არის სამმხრივი პროექტი, იდეა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა და შემდგომში ამ იდეის განხორციელებაც ასევე ერთობლივად უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო სივრცე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საგანმანათლებლო, კვლევითი ფუნქციის მატარებელი სივრცე, სადაც ჩვენს ახალგაზრდებსაც შეეძლებათ, კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. 

მახათას მთაზე, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმში სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებში არსებული ექსპონატების გადატანაც მოხდება. იქ განთავსებული საეკლესიო საგანძურის მოვლა-პატრონობას კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი 2012 წლის 17 აპრილს ჩაეყარა, ტაძრის საძირკვლის გასათხრელად ნიჩბით მიწა პირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ამოიღო.

145
თემები:
საქართველო და კულტურა (433)