ვარძიაში საოცარი „ღამე მუზეუმში" გელოდებათ

გამოწერა
ვარძიაში ღონისძიებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობითი შოუ დაასრულებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამონასტრო კომპლექსი ვარძია მუზეუმების საერთაშორისო დღეს გამოფენებითა და ლამაზი სანახაობით აღნიშნავს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

მუზეუმების საერთაშორისო დღე და აქცია „ღამე მუზეუმში" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 18 მაისს ტარდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს.

ვარძია ახალციხიდან 60 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იგი ცენტრი და ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო - Sputnik საქართველო
ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი

ვიზიტორთა ახალ ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია, რითიც ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა შშმ პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული. გარდა ამისა, ცენტრში ფოტოგამოფენა გაიმართება.

გარდა ამისა, ღონისძიების პროგრამით, მაყურებელს ელოდება საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენები, ცოცხალი მუსიკის კონცერტი სოფო ხალვაშისა და ბენდის მონაწილეობით.

ვარძიაში ღონისძიებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობითი შოუ დაასრულებს.

ღონისძიება USAID-ს პროგრამა „ზრდის" და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება.

„ღამე მუზეუმში" საერთაშორისო აქციაა, იგი მუზეუმების საერთაშორისო დღეს (18 მაისი) ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ღამით სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება. „ღამე მუზეუმში" პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა.

საქართველო აქციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს შეუერთდა.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.

იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს.

ვარძია - Sputnik საქართველო
ვარძიის თამარ მეფის ფრესკას პირვანდელ სახეს უბრუნებენ

ვარძიის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.

არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0