ოთო ნემსაძე

ევროვიზია-2019: ოთო ნემსაძე თელ-ავივში გაფრინდა

169
(განახლებულია 14:25 04.05.2019)
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე კვირას პირველ რეპეტიციას გაივლის

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად თელ-ავივში გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი.

ცნობილი გახდა „ევროვიზია-2019“-ზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა >>

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

„ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის. რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

ნემსაძესთან შეხვედრა თელ-ავივში კვირას ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება ახალ სპორტულ ცენტრში (მის.: Ahavat Zion, 17).

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული "ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – "ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.

169
თემები:
ევროვიზია - 2019 (23)