თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი კინორეჟისორის, მარლენ ხუციევის გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი კოლეგა რეზო გიგინეიშვილი - ის კინემატოგრაფისტს ოსტატს უწოდებს.
მარლენ ხუციევი 19 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ეს როგორ, ოსტატო? ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო, ჩემო გმირო! ჩემს დაბადების დღეზე გადაწყვიტე წასულიყავი? აბა რა, ჩემს თავზე ვლაპარაკობ... რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ვარ... მე ხომ მომენატრები, შენი რჩევა, მაგალითი დამჭირდება! მომენატრება, როგორ კითხულობ პუშკინს, ბარათაშვილს, გალაკტიონს, პასტერნაკს... მე ხომ შენი წყნარი, ძლიერი, ნაზი ხმა დამავიწყდება... ვისთან ერთად აღმოვჩნდები კიდევ მე-19 საუკუნეში, ვისგან გავიგონებ ამდენ საინტერესო, ასე ცხადად აღწერილ ისტორიებს? ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ შენ იქაური ხარ, შენი საყვარელი პუშკინის დროინდელი“, - წერს Instagram-ზე გიგინეიშვილი.
რეჟისორი ხსნის, რატომ მიმართავს ოსტატს „შენობით“.
„არ გეგონოთ, რომ ოსტატს ფამილიარულად „შენობით“ მივმართავ - ჩვენი ურთიერთობები ამას გულისხმობდა, ორივემ ვიცოდით, რომ ქართველები „შენობით“ ყველაზე ახლობელ ადამიანებს მიმართავენ, ეს ასაკზე არ არის დამოკიდებული“, - წერს რეზო.
გიგინეიშვილი მარლენ ხუციევთან გატარებულ დღეებს იხსენებს. მაგალითად, როგორ არჩევდა ხუციევი ახალ ტუფლებს „გუმში“ ახალი ფილმის გადაღებების წინ.
„მოიარა ყველა მაღაზია, ეფლირტავა გამყიდველებს, ის იყო ყურადღებიანი როგორც თავის დიდ კინოში, ასევე წვრილმანებში - ტუფლების არჩევის დროსაც. გულისამაჩუყებელი, გულახდილი, ბავშვივით უმწეო“, - წერს რეჟისორი.
მარლენ ხუციევი ნებას არ მოგცემდა მესამე კურსამდე კამერა აგეღო ხელში, იხსენებს გიგინეიშვილი. ამბობდა: „იკითხეთ ლიტერატურა, აიღეთ ნაწყვეტი და დადგით მოედანზე“. რეზო უფალს მადლობას უხდის, რომ „მოხვდა დიდ ოსტატთან, რომელმაც ასწავლა, რომ მთავარია - ადამიანები კადრში, ურთიერთობები, ატმოსფერო, შემდეგ კი უკვე კამერა“.
რეზო კიდევ ერთ აღსანიშნავ შემთხვევას იხსენებს. მეორე კურსის ბოლოს, როდესაც მან „ჩვენი დროის გმირი“ დადგა, და, მისი თქმით, საკმაოდ კარგად დადგა, ყველა აქებდა რეზოს. ხუციევის გარდა: მან პროფესიაში სამიანი დაუწერა. შემდეგ, სასწავლო წლის ბოლოს გამართულ ბანკეტზე გიგინეიშვილი და ხუციევი წითელ მშრალ ღვინოს სვამდნენ. გიგინეიშვილი მასზე ძალიან ნაწყენი იყო. დიდმა რეჟისორმა ეს შენიშნა და მისი გაცილება სახლამდე სთხოვა.
„ჩვენ მასთან სახლში ავედით. კარებში მომეხვია, მთხოვა, დამელოდეო... „რეზიკო, აი ვიპოვე... ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფოტოა, აქ ფელინი და მე ვართ, შენ გქონდეს, როგორც კომპენსაცია დაბალი ნიშნისთვის. გამიგე, შენ ჩემსავით ქართველი ხარ და ვიცი, ხუთიანი რომ დამეწერა, შენ შენი ხასიათით მეხუთე კურსამდე არაფერს გააკეთებდი... ისედაც რად გინდა, რომ სხვებს შეშურდეთ?“ და მამასავით, ან უფრო ბაბუასავით მომეხვია და კარს მოეფარა. აი ასე, დაუმშვიდობებლად, უბრალოდ მომეხვია. ახლა ამ ფოტოს ვინახავ“, - იხსენებს რეზო.
რეზო გიგინეიშვილი ასე ასრულებს თავის გამოსათხოვარ წერილს: „მარლენ მარტინოვიჩ, დარწმუნებული ვარ, თქვენ იქ სამოთხეში ხართ... აბა როგორ? აბა ვისთვის არის სამოთხე, თუ თქვენ იქ არ ხართ...“.
მარლენ ხუციევი 1925 წლის 4 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.
იგი, როგორც ბულატ ოკუჯავა, მიქაელ ტარივერდიევი და ალექსანდრე ებანოიძე, თბილისის №43 სკოლაში სწავლობდა.
1952 წელს ხუციევმა დაამთავრა გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო).
ხუციევი რეჟისორად მუშაობდა ოდესის კინოსტუდიაში, ასევე მაქსიმ გორკისა და „მოსფილმის" კინოსტუდიებში. მის ნამუშევრებს შორისაა „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე", „ივლისის წვიმა", „ორი თედორე" და ა.შ.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ამერიკული სტუდია Universal Pictures–მა ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს, მესამედ გადადო, წერს გამოცემა Variety.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერის თარიღად თავიდან 2021 წლის 2 აპრილი, შემდეგ 28 მაისი დასახელდა – პრემიერის ახალ თარიღად კი ამჯერად 25 ივნისი გამოცხადდა.
ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.
ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.
„ფორსაჟის“ პირველ შვიდ ფილმში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. პროექტმა „ქართლის დედა“, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ბერლინურმა მუსიკალურმა სალონმა „ლიტერა-დო“ (Литера-ДО) ჩაატარეს პანდემიის პერიოდში მეორე საერთაშორისო ონლაინ არტ-ფესტივალი „ზამთრის ზღაპარი“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც უმცროსმა, ისე უფროსმა თაობამ, როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.
„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თითქმის ყველა ნომინაცია ქართველებმა მოიგეს, - საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი თამარა ინაშვილი. - მათ თავისი ნიჭით ფესტივალი გაალამაზეს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს“.
„ეს უკვე მეორე ფესტივალია ციკლიდან „წელიწადის ოთხი დრო“ ონლაინ-რეჟიმში. პირველი „შემოდგომის კალეიდოსკოპი“ გასულ წლის შემოდგომაზე გაიმართა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა აჩვენა იმ დროს, როდესაც კულტურულ ცენტრებში, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებში „დაკეტილი კარების“ პერიოდია“, - გააგრძელა საუბარი ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სანდრა ვერელმა.
„დუხობორების მიწა“: ქართველმა ფოტოგრაფმა აშშ-ის ფესტივალის გრანტი მიიღო >>
ვერელის თქმით, ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 350-მა ადამიანმა მიიღო საქართველოდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„რა თქმა უნდა, ონლაინ-ფორმატმა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობის მიღების და მრავალფეროვანი საინტერესო პროგრამის შედგენის საშუალება მოგვცა. ფესტივალმა აჩვენა კულტურის სხვადასხვა მიმართულების კომბინაციის უპირატესობა, რაც „მეგობრობის ხიდების“ აგების გაგრძელების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ვერელმა.
პრიზიორებს სხვადასხვა ნომინაციაში - ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა - დიპლომები გადაეცათ.
ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრმა „ირიდა“, რომელმაც მუსიკალურ სკოლასთან და ნორჩ მევიოლინეთა ანსამბლთან „ბაღდათის ვარსკვლავები“ ერთად სპეციალურად ფესტივალისთვის ვაჟა აზარაშვილის მუსიკაზე პოეტურ-ქორეოგრაფიული ნომერი დადგა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ვაქცინა არის, ის გზაშია და მალე მიიღებთ – ასეთი გზავნილით მიმართა საქართველოს მოსახლეობას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის პროგრამისა და ვაქცინაციით დაავადებების პროფილაქტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სიდჰარტა სანკარ დატამ.
მისი თქმით, საქართველო მზადაა ვაქცინაციის დასაწყებად და მან ყველა ვალდებულება შეასრულა.
საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო>>
„მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ვაქცინა არის, ის გზაშია და მას მალე მიიღებთ, როგორც ის სხვა ქვეყნებმა მიიღეს... ის დაგვიცავს კორონავირუსის მძიმე ფორმისგან და არ დაგვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ვაქცინა შეაჩერებს სიკვდილიანობას“, – განაცხადა დატამ.
მისი თქმით, ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც საჭიროა ჰიგიენის დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვაქცინა პრობლემის გადაჭრის ჯადოსნური ხერხი არ არის. ამასთან, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს იმოქმედებს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.
ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯერ ცნობილი არ არის, საჭირო გახდება თუ არა ვაქცინაცია გამეორებით ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ. ამ დროისთვის ინფორმაცია გროვდება ყველა ქვეყნიდან, სადაც დაიწყო ვაქცინაცია.
დატამ აღნიშნა, რომ Pfizer–ისა და Astrazeneca–ს ვაქცინების ეფექტურობა ჯანმოს მინიმალურ მოთხოვნებზე ბევრად მაღალია და მათ ორგანიზაციის ავტორიზაცია გაიარეს.
საქართველომ Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია – 29 250 დოზა 22 მარტისთვის უნდა მიიღოს. დაახლოებით ამავე დროს შემოვა AstraZeneca–ს ვაქცინის პირველი პარტიაც.
ჯანმო კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>
საქართველომ COVAX–პლატფორმის მეშვეობით 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად წინასწარ გადაიხადა 5 მლნ 300 ათასი დოლარი. ამ თანხისთვის მიღებული ვაქცინის დოზა მოსახლეობის 20 პროცენტისთვის (700 ათასი მოქალაქე) არის საკმარისი.