კანადის ფესტივალზე ქართველი მსახიობები საუკეთესოთა შორის დაასახელეს

გამოწერა
ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ ფაქტებს ეფუძნება და 1990-იანი წლების თბილისურ ცხოვრებას ეხება.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მოკლემეტრაჟიან ფილმში „ცუდი ხალხი" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალ Redline International Film Festival-ზე საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რეჟისორ გიორგი თავართქილაძის ფილმი გამარჯვებისთვის ერთბაშად სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი: „საუკეთესო მსახიობი", „საუკეთესო რეჟისორი" და „მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი".

ქართველი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო
ეგვიპტის კინოფესტივალზე გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობად აღიარეს

„საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაში ჩაჩანიძის კონკურენტები იყვნენ პერუელი ტენოჩ უერტა და პოლონელი მატეუშ ჩვარტოში. „მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის" კატეგორიაში კი ჯანო იზორიასთან ერთად წარდგენილი იყვნენ ამერიკელი ჯექსონ პეისი და ავსტრალიელი მანდელა მატია.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და ა.შ.

19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

 

ყველა ახალი ამბავი
0