იორდანიაში ქართული მონასტრის კვალს შეისწავლიან

189
მასშტაბურ ექსპედიციაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად იორდანიელი და ამერიკელი კოლეგები ჩაერთვებიან

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. წელს ქართველი მკვლევარები უცხოელ კოლეგებთან ერთად იორდანიის ციხე-ქალაქ ელ-კარაკში ქართული მონასტრის კვალს შეისწავლიან, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

შიომღვიმის მონასტერი: საქართველოს ღირსშესანიშნაობები >>

საქართველოს მხრიდან დაზვერვით ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები, ხოლო იორდანიის მხრიდან - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის სპეციალისტები. აშშ-დან პროექტში ჩაერთვებიან აშშ-ს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრ „აქორის“ სპეციალისტები. ცენტრი საქართველოს ტექნიკური აღჭურვილობით დაეხმარება.

მკვლევარებმა უდაბნოში უნდა დაადგინონ შეჰანის მონასტრის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომელიც XI საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, გაბრიელ თბილელის სახელს უკავშირდება.

„ისტორიული წყაროების მიხედვით, შეჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარესებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60 იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერის დამაარსებელი გიორგი პროხორე“, - ნათქვამია სააგენტოს განხცადებაში.

შეჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა. მონასტერმა XIII საუკუნემდე იარსება. მონასტრიდან შემორჩენილია რამდენიმე საეკლესიო ხელნაწერი, ერთ-ერთი იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.

ოწამეთას მონასტრის რეაბილიტაციაზე და კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება >>

იორდანიაში ქართული კერების არსებობის შესაძლებლობებს იორდანიაში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართველი სპეციალისტების ჯგუფი განიხილავს.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რელიგიური და ისტორიული კვალის სამეცნიერო შესწავლა უწყების ახალ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. მიმდინარე წელს კვლევითი სამუშაოები იორდანიის სამეფოსთან ერთად ისრაელშიც წარიმართება. იერუსალიმში ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართული, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები განახორციელებენ.

189
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (36)