ზურაბ მაღალაშვილი

„ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი" მაღალაშვილი კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

229
(განახლებულია 16:46 23.01.2019)
ზურაბ მაღალაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში კინოცენტრის ბიუჯეტი 4,7 მილიონიდან 7,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავად დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე.

მაღალაშვილმა, რომელიც კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტს სამი წელი იკავებდა, მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს და აღნიშნა, რომ გასული პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და, ამავდროულად, ყველაზე საინტერესო იყო.

„ვცდილობდი ვყოფილიყავი ობიექტური, მიუკერძოებელი და დავმდგარიყავი პირად სიმპათიებსა და ურთიერთობებზე მაღლა. მოხარული ვარ, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ კიდევ უფრო წინ წაგვეწია ქართული კინოინდუსტრია. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება კი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე", – დაწერა მაღალაშვილმა.

რთული საკითხებიდან, რომლებთან შეჯახებაც მოუწია, მაღალაშვილი ასახელებს აჭარის რეგიონული ფონდის შექმნას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული კინოწარმოების საკითხში მონაწილეობის თემას. ამ თემებზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, რადგან საქართველოში ეროვნული კინემატოგრაფიის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები უნდა გაჩნდეს, მიიჩნევს მაღალაშვილი.

ზურაბ მაღალაშვილმა დეტალურად შეაჯამა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევები მისი ხელმძღვანელობის პერიოდში. ამ მიღწევებს შორის ის აღნიშნავს მოსკოვის ფილმების ფონდიდან ქართული ფილმების ასლების დაბრუნებას სამშობლოში, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების დაფინანსების ზრდას, მისი ინიციატივით ახალგაზრდა პროდიუსერების პროგრამების ამოქმედებას, რომლებსაც ყოველწლიურად აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ А-კლასის ფესტივალების ინდუსტრიულ ფორუმებში, ქართული კინოს განვითარებაში ეკონომიკის სამინისტროს ჩართვას, საქართველოს კინოარქივის გაციფრულებას და სხვა მრავალს.

მთავარ მიღწევად მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის ერთნახევარჯერ ზრდას ასახელებს.

„ჩემი დირექტორად დანიშვნისას კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენდა 4 700 000 ლარს, დღეს ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენს 7 500 000 ლარს, მიმდინარეობს პროცესი ბიუჯეტის გაზრდის მიმართულებით და, იმედი მაქვს, წლევანდელი ბიუჯეტი გაიზრდება კიდევ 900 000 ლარით", – აღნიშნავს ის.

დადგა დრო, როცა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს სათავეში უნდა ჩაუდგეს ნამდვილი პროფესიონალი, რომელმაც ქართული კინოინდუსტრია მოწინავეთა რიგებში უნდა გაიყვანოს, აღნიშნავს მაღალაშვილი.

„მიმაჩნია, რომ ახალი დირექტორი ღრმად უნდა ერკვეოდეს კინოწარმოების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე კეთილშობილურმა, საჭირო და აუცილებელმა გადაწყვეტილების მიღებამ გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ინდუსტრიას. მე ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველანაირად მხარში დავუდგე, გავუზიარო გამოცდილება ახალ დირექტორს", – აცხადებს ზურაბ მაღალაშვილი.

მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად 2016 წლის აპრილში დაინიშნა. ამ პოსტზე მან ნანა ჯანელიძე შეცვალა.

ზურაბ მაღალაშვილი 1967 წლის 15 დეკემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ) ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა.

მაღალაშვილი გადაღებულია ფილმებში „სვანი", „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუა", „ჩაკლული სული", „ოსკარი", „ფარშევანგი", „სიბრძნე სიცრუისა" და სხვ.

მაღალაშვილის მეუღლეა ცნობილი ქართველი რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე.

 

229
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ტოტალური კარნახი თბილისში 2021 წელს

„ტოტალური კარნახი“ პანდემიის დროს: თბილისში საგანმანათლებლო აქცია გაიმართა

22
კორონავირუსთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის გამო აქციაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ გამბედავი ადამიანები მოიძებნა

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც შედგა.

„ტოტალური კარნახი“ გაიმართა ორ მოედანზე - პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც უშუალოდ კარნახს წერდნენ, და რუსული ენის ცენტრ „აზბუკაში“, სადაც ტესტ TruD-ის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომელშიც რუსული როგორც უცხო ენაა წარმოდგენილი.

Тотальный диктант 2021 в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ტოტალური კარნახი თბილისში 2021 წელს

როგორც თბილისში ღონისძიების კოორდინატორმა ელენა გალაშევსკაიამ განაცხადა, სულ 17 მონაწილე იყო: 11-მა კარნახი დაწერა, დანარჩენმა ექვსმა - ტესტი TruD.

„ეს ჩვენი მეხუთე შეხვედრაა, და სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ადამიანების რაოდენობამ იკლო. მაგრამ გვიხარია, რომ ზოგმა ჯანმრთელობის ფასად გარისკა და მოვიდა. ყველანი მზად იყვნენ კარნახის დასაწერად, პანდემიის და ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ხიფათების მიუხედავად“, - განუცხადა გალაშევსკაიამ Sputnik-საქართველოს.

აქციაზე მისულები წერდნენ რუსი მწერლის, დმიტრი გლუხოვსკის ტექსტს. კარნახის შემდეგ აქციის ერთ-ერთმა გამოცდილმა მონაწილემ ციური ბერიძემ აღნიშნა, რომ ტექსტი საინტერესო და არც ისე რთული აღმოჩნდა.

Тотальный диктант 2021 в столице Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ტოტალური კარნახი თბილისში 2021 წელს

„ყოველ წელს სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ აქციაში, რადგან მიყვარს ჩემი საგანი. ორმოც წელიწადზე მეტი ვიმუშავე სკოლაში, ვასწავლიდი რუსულ ენასა და ლიტერატურას. ამ კარნახის შინაარსი ყველა მონაწილისათვის საინტერესო იყო. ტექსტი არ იყო ძალიან რთული, სიამოვნებით ვწერეთ“, - უამბო ბერიძემ Sputnik-საქართველოს კორსპონდენტს.

მონაწილეების ნამუშევრები რამდენიმე დღის განმავლობაში შემოწმდება, შემდეგ კი ორგანიზატორები დაადგენენ თარიღს, როდესაც ყველანი კვლავ შეიკრიბებიან და სერტიფიკატებს მიიღებენ.

„ტოტალური კარნახი“ - ყველა მსურველისთვის ნებაყოფლობითი კარნახის ფორმატის ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა. პირველად ღონისძიება 2004 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „ტოტალური კარნახის" მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს.

22

დაუვიწყარი და მომაჯადოებელი მესტია ვიდეო

116
(განახლებულია 19:07 09.04.2021)
მთები, მყინვარები, ხეობები, ლამაზი ბუნება, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ცნობილი სვანური კოშკები – ეს ყველაფერი გვხვდება სვანეთში.

მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.

სვანეთი ცნობილია უძველესი კოშკებით, რომლებიც რეგიონის ლანდშაფტს კიდევ უფრო უნიკალურსა და საინტერესოს ხდის. სვანური კოშკები 20-25 მეტრის სიმაღლის თავდაცვითი ნაგებობებია, ისინი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარა.

სწორედ სვანეთში მდებარეობს სათხილამური კურორტი თეთნულდი, რომელიც განლაგებულია 3,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე. საქართველოში ფიქრობენ, რომ თეთნულდი დროთა განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება.

მესტიის რაიონულ ცენტრში მდებარეობს მუზეუმი, სადაც ინახება უძველესი საგანძური – ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერები, რომელთა ასაკიც ათ საუკუნეს აღემატება.

 

116
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0