ახალი თაობის სამი უძლიერესი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მსოფლიო შედევრებს შეასრულებენ.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ახალგაზრდა თაობის სამი ქართველი პიანისტი – სანდრო ნებიერიძე, გიორგი გიგაშვილი და სანდრო გეგეჭკორი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე 19 იანვარს კონცერტს გამართავს.

საფორტეპიანო მუსიკის საღამოზე აჟღერდება ბეთჰოვენის, შუმანის, ბრამსის, შოპენის, პროკოფიევისა და რახმანინოვის შედევრები, ნათქვამია კონსერვატორიის განცხადებაში.

პიანისტი სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტები სლოვენიაში წარდგებიან

ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას მოხმარდება.

კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროებსა (გრიბოედოვის 8) და ონლაინ, ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

სანდრო ნებიერიძე თბილისის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის კურსდამთავრებულია. არის ავტორი ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების, ლაურეატია სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის. გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი აშშ-ში მიიწვიეს

სანდრო გეგეჭკორი ჭიათურელია. დაამთავრა ჭიათურის მუსიკალური სკოლა. ათი წლიდან წერს ნაწარმოებებს. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ (საშა გერბერის კლასი), კონცერტებით გამოვიდა რუსეთში, აშშ-სა და ჩინეთში.

გიორგი გიგაშვილიც „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

სამივე პიანისტი 18-18 წლისაა. ისინი ხშირად გამოდიან ერთად ტრიოში.

ყველა ახალი ამბავი
0