თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს

© FB / Khvtiso Turdziladzeფიროსმანის მუზეუმის პროექტი
ფიროსმანის მუზეუმის პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმის აშენების და მოწყობის იდეა გაჩნდა.

იდეის ავტორი საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, „სტუდიო ქოხის“ არქიტექტორი ხვთისო ტურძილაძეა.

„წელს მეორედ ვიყავი ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. ეზოში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა კარგი იქნება ფიროსმანსაც ისეთივე მაშტაბური მუზეუმი რომ ჰქონდეს თბილისში. თან რაღაც ფიროსმანისნაირი პერიოდი მაქვს, ბევრი თავისუფალი დროით და ეს გავაკეთე. ოდესმე თუ ვინმე გადაწყვეტს "ნიკალას მუზეუმის" აშენებას, იქნებ რაღაც იდეები გამოადგეს აქედან“, – წერს ხვთისო ტურძილაძე სოციალურ ქსელში.

ტურძილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფიროსმანის მუზეუმის პროექტის სურათებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ნაგებობა თავისი ბრუტალიზმით და მონუმენტურობით ნიკალას რთულ ცხოვრებას გამოხატავს.

„ბეტონის ფორმას გამჭოლად ჭრის მეგალითური წითელი კიბე, რომელიც სიმბოლურად მის საცხოვრებელ ადგილს გამოხატავს. კიბე დასავლეთ ფასადზე წყალში ეშვება, რაც წყალში მდგომი მებადურის პორტრეტის განმასახიერებელია. შენობის მთავარი, სამხრეთი ფასადი გაწყობილია მწვანე ტონალობების ვიტრაჟით, რომელზეც ამოტვიფრულია სხვადასხვა ზომის ვარდები. ვარდების სილუეტები ბეტონის ფასადებზეც გადადის“, – წერს იდეის ავტორი.

როგორც ტურძილაძე აღნიშნავს, მუზეუმის სამხრეთ ნაგებობა სამსართულიანი იქნება და მასში განთავსდება საზოგადოებრივი სივრცე, გარდერობი, სარეგისტრაციო სივრცე, სალარო, დაცვის ოთახი, სუვენირების მაღაზია, საწყობი და კაფე. მეგალითური კიბის ქვეშ განთავსებული იქნება სველი წერტილები და სამი ტექნიკური ოთახი, ხოლო ჩრდილოეთ ნაგებობაში – ორი სხვადასხვა ზომის დარბაზი. მუზეუმის ეზოში კი მიმოფანტული იქნება ბეტონის ქვევრისა და ღვინის ტიკის ფიგურები.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0