ოქროს გლობუსი

„ოსკარის" რეპეტიცია: საქართველო კინოპრემია „ოქროს გლობუსის" შორტ-ლისტში ვერ მოხვდა

61
(განახლებულია 14:54 07.12.2018)
„ოსკარის" ნომინანტთა შორტ-ლისტი 2019 წლის იანვარში გამოცხადდება, ხოლო „ოქროს გლობუსის" პრეტენდენტი ქართული ფილმი უკვე აღარაა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" ამერიკული კინოპრემია „ოქროს გლობუსის" ნომინანტთა შორტ-ლისტში ვერ შევიდა.

როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიაზე კატეგორიაში „საუკეთესო დრამა" ნომინირებულია ფილმები „ვარსკვლავი დაიბადა", „შავი ავაზა", „ბილ-სტრიტს რომ ლაპარაკი შეეძლოს", „შავი კლანის კაცი" (BlacKkKlansman) და „ბოჰემური რაფსოდია".

კატეგორიაში „საუკეთესო უცხოური ფილმი" შევიდა დრამა „რომა" (Roma), „კაპერნაუმი" (Capernaum), „გოგონა" (Girl), „მუშაობა ავტორობის გარეშე" (Werk ohne Autor), „მაღაზიის ქურდები" (Manbiki kazoku).

ჯილდოსთვის „საუკეთესო რეჟისორი" იბრძოლებენ ალფონსო კუარონი, ბრედლი კუპერი, პიტერ ფარელი, სპაიკ ლი და ადამ მაკკეი.

დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის ჯილდოსთვის იბრძოლებენ ბრედლი კუპერი, უილიამ დეფო, ლუკას ჰეჯესი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რამი მალეკი. ხოლო ქალის საუკეთესო როლის ჯილდოსთვის – ნიკოლ კიდმანი, ლედი გაგა, გლენ ქლოუზი, როზამუნდ პაიკი და მელისა მაკარტნი.

ნომინანტების სრული სია იხილეთ აქ.

საქართველომ „ოქროს გლობუსისა" და „ოსკარისთვის" კამპანია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. European Film Promotion-მა (EFP), ერთადერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული კინოს პოპულარობას მთელ მსოფლიოში ეწევა, „ნამეს" კინოჩვენება ლოს–ანჯელესში გამართა.

კინოსეანსებს ესწრებოდნენ ამერიკული კინოაკადემიის წევრები, კინოსფეროს საერთაშორისო წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები. ამერიკაში ფილმი რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა და მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა მარიკა დიასამიძემ წარადგინეს.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

პრემიის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს კალიფორნიაში, ბევერლი-ჰილზზე გაიმართება. „ოქროს გლობუსი" (Golden Globe Award) ამერიკული კინოპრემიაა, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 1944 წლიდან დააწესა კინო და ტელეფილმებისთვის, როგორც ამერიკული, ასევე უცხოური ფილმებისთვის.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, 1950 წელს შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინოინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

„ოსკარის" ნომინანტთა შორტ-ლისტი 2019 წლის იანვარში გამოცხადდება.

 

61
თემები:
საქართველო და კულტურა (736)