ქართული ღვინო

„საქართველო ღვინის სამშობლო“: იაპონიაში ქართული ექსპოზიცია გაიხსნება

70
(განახლებულია 18:21 08.11.2018)
იაპონიის ელჩის განცხადებით, ექსპოზიცია ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. იაპონიაში, საგამოფენო ცენტრში Warehouse TERRADA ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვა იგეგმება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრისას განიხილა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორია.

იაპონიის ელჩის განცხადებით, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რაც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია.

„ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ იაპონიაში გამართვა შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ვაფასებთ თქვენ უძველეს კულტურას. ღვინო უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი კულტურის და მოხარული ვარ, რომ იაპონიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება“, – აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.

ექსპოზიცია იაპონიაში მომავალ წელს უნდა გამოიფინოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაცია „ქართული ღვინის” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იაპონია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობის საკითხებს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

70
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (90)