ელისო ბოლქვაძე

საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

93
(განახლებულია 16:54 21.09.2018)
2015 წელს ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის" წოდება მიანიჭეს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

„ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელოვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ. დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", – განაცხადა მარგველაშვილმა.

ელისო ბოლქვაძემ პრეზიდენტს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი დღემდე მიუღია.

„ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ რამე გამიკეთებია თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემ ცხოვრებაში… ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე", – განაცხადა პიანისტმა.

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.

„იუნესკოს მშვიდობის არტისტი" Batumi Music Fest-ს დახურავს>>>

პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.

2015 წლის იანვარში ელისო ბოლქვაძეს მიანიჭეს წოდება „იუნესკოს მშვიდობის არტისტი". გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ეს ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობისა და მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ელისო ბოლქვაძის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში. ამას გარდა, ქართველი პიანისტი ქალბატონი ხშირად შეგიძლიათ იხილოთ მუსიკალურ არხზე Mezzo.

 

93
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ბერლინი

ქართველი არტისტები გერმანიაში ფესტივალის პრიზიორები გახდნენ

15
ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა - როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. პროექტმა „ქართლის დედა“, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ბერლინურმა მუსიკალურმა სალონმა „ლიტერა-დო“ (Литера-ДО) ჩაატარეს პანდემიის პერიოდში მეორე საერთაშორისო ონლაინ არტ-ფესტივალი „ზამთრის ზღაპარი“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც უმცროსმა, ისე უფროსმა თაობამ, როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თითქმის ყველა ნომინაცია ქართველებმა მოიგეს, - საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი თამარა ინაშვილი. - მათ თავისი ნიჭით ფესტივალი გაალამაზეს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს“.

„ეს უკვე მეორე ფესტივალია ციკლიდან „წელიწადის ოთხი დრო“ ონლაინ-რეჟიმში. პირველი „შემოდგომის კალეიდოსკოპი“ გასულ წლის შემოდგომაზე გაიმართა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა აჩვენა იმ დროს, როდესაც კულტურულ ცენტრებში, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებში „დაკეტილი კარების“ პერიოდია“, - გააგრძელა საუბარი ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სანდრა ვერელმა.

„დუხობორების მიწა“: ქართველმა ფოტოგრაფმა აშშ-ის ფესტივალის გრანტი მიიღო >>

ვერელის თქმით, ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 350-მა ადამიანმა მიიღო საქართველოდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„რა თქმა უნდა, ონლაინ-ფორმატმა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობის მიღების და მრავალფეროვანი საინტერესო პროგრამის შედგენის საშუალება მოგვცა. ფესტივალმა აჩვენა კულტურის სხვადასხვა მიმართულების კომბინაციის უპირატესობა, რაც „მეგობრობის ხიდების“ აგების გაგრძელების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ვერელმა.

პრიზიორებს სხვადასხვა ნომინაციაში - ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა - დიპლომები გადაეცათ.

ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრმა „ირიდა“, რომელმაც მუსიკალურ სკოლასთან და ნორჩ მევიოლინეთა ანსამბლთან „ბაღდათის ვარსკვლავები“ ერთად სპეციალურად ფესტივალისთვის ვაჟა აზარაშვილის მუსიკაზე პოეტურ-ქორეოგრაფიული ნომერი დადგა.

15
ბერლინალე

„სასიამოვნოდ სევდიანი" როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

59
(განახლებულია 19:37 05.03.2021)
ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს პოეტური, მახვილგონივრული და შთამბეჭდავი უწოდეს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონსკურსო პროგრამაშია შესული, უცხოელი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. 

„ეს ქართული ზღაპარი მართლა საჩუქარია, რომელიც სხვას არ ჰგავს. ქალაქის ქუჩებში, რომელიც გაზაფხულის ყვავილობითაა მოჯადოებული, ულტრარომანტიკული ექსცესი ვითარდება. ფილმის თითოეული კადრი გასაოცარია. შთამბეჭდავი მონტაჟის წყალობით მოკლე სცენები ერთმანეთს მიჰყვება, როგორც საოცარი საქანელა... ეს არის ამბიციური ზღაპარი, რომელიც ასევე საუბრობს სამყაროს სისასტიკესა და ყოველივე ამაზე რეაქციის არარსებობაზე“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Polyester

„ამ თბილ, მოულოდნელობებით სავსე ხალხურ ზღაპარში ძველ ქალაქში მცხოვრები, სიცოცხლით სავსე შეყვარებულები შეხვედრას გრძნეულების გამო ვერ ახერხებენ“, – წერს ამერიკული გამოცემა Variety.

გამოცემა Awards Daily წერს, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების „დასაწყისი“ და „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატების შემდეგ, კობერიძის ფილმი „ოქროს დათვის“ ჯილდოს რეალური პრეტენდენტია, რაც იმის დასტურია, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში ძალზე საინტერესო ახალი ტალღა იბადება. 

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. ცხოვრება ჩვეული დინებით მიდის და ჩნდება კითხვა – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას?

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

1993 წლის ბერლინალეს შემდეგ, რომელზეც თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“ კინოფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი აღარ შერჩეულა.

59
თემები:
ქართული კინო
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

0
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

0