დადიანების სასახლე ზუგდიდში

დადიანების სასახლეში კვლავ კლასიკური მუსიკა აჟღერდება

46
(განახლებულია 19:42 16.09.2018)
ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ სამეგრელოში ევროპის მუსიკოსებს შეკრებს

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მუსიკოსები ავსტრიიდან, ლიტვიდან და საქართველოდან წარდგებიან ღია ცის ქვეშ კამერული მუსიკის ფესტივალზე „სალხინოს სასახლის კამერატა“, რომელიც 28-30 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ელისო ბოლქვაძე და Batumi Music Fest: როგორ ჩატარდა დასკვნითი კონცერტი >>

ტრადიციულად ფესტივალი გაიმართება სალხინოში, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციის ხეივნის ტერიტორიაზე.

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურას პირას  გენერალ-ლეიტენანტმა თავადმა ლევან V დადიანმა (1793 — 1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო. ამჟამად ის საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც ოჯალეშის ჯიშის ღვინოს აყენებენ.

ფესტივალის გახსნაზე, 28 სექტემბერს წარდგებიან ქართველი პიანისტები ვალერიან შიუკაშვილი და თამარ ლიჩელი. მეორე დღეს, 29 სექტემბერს დაგეგმილ კონცერტზე წარდგებიან საფორტეპიანო ტრიო ACCIO, ტრიო INDEED, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე.

30 სექტემბერს გალა-კონცერტზე ფესტივალის სრული შემადგენლობის გამოსვლა იგეგმება.

მუსიკალური ფესტივალის ჟიურის წევრები ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოსები და კრიტიკოსები იქნებიან.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. ფაქტობრივად, მანამდე ამ მხარეში კლასიკური მუსიკის ფესტივალი არ ჩატარებულა.

ღონისძიების მიზანია — რეგიონში კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარება, ХХ საუკუნემდე სასახლეში არსებული სალონური და კულტურული საღამოების ტრადიციის აღორძინება. ამ საღამოების დამფუძნებლები იყვნენ დადიანები და მათთან დანათესავებული მიურატების დინასტია.

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია დირიჟორი შიო აბრახამია, დირექტორი — კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

„სალხინოს სასახლის კამერატა“ იმართება მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში საქართველოს იმიჯის ამაღლებას ემსახურება.


46
თემები:
საქართველო და კულტურა (666)