ფილმის გადაღება

დიდ ბრიტანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალზე საქართველო მასშტაბურად მონაწილეობს

45
(განახლებულია 18:13 15.09.2018)
ბრიტანეთის პრესტიჟულ ფესტივალზე 19 ქართული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Encounters Film Festival საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია და Encounters Film Festival ერთობლივად წარმოადგენენ. ქართული კინოს რეტროსპექტივა თბილისისა და ბრისტოლის მეგობრობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

კინოფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფართომასშტაბიანი პროგრამით:

Georgian New Talent — ნანა ექვთიმიშვილის „დედა“, მარიამ ხაჭვანის „დინოლა“, დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები“ და „ლეთა“, დათა ფირცხალავას „მამა“, ზურა დემეტრაშვილის „ქარის დევნა“, გიორგი გოგიჩაიშვილის „8 წუთი“.

Georgian Animation — დავით თაყაიშვილის „ჩირი“, ვლადიმერ სულაქველიძის „ფრანი“, ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი“, დათო კიკნაველიძის „გენო“, ნათია ნიკოლაიშვილის „ლილე“, სანდრო ქათამაშვილის „ბებო“, მამუკა ტყეშელაშვილის „მეთევზე და გოგონა“.

Georgian Film School — თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“, გიგა ლიკლიკაძის „უცნობი ჯარისკაცი“, ამირან დოლიძის „სანგარი“, ვაკო კირკიტაძის „სექტემბერი“, სანდრო ჯაფარიძის „ავტობანი“.

Short2Feature — მარიამ ხაჭვანის „დედე“

Georgian Past Masters — მიხეილ კობახიძის სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი — „ქორწილი“ (1964), „ქოლგა“ (1967) და „მუსიკოსები“ (1969), გიო მგელაძის „არა, მეგობარო“ (1993).

პროგრამაში Alaverdoba იქნება ნაჩენები გიორგი შენგელაიას ფილმი „ალავერდობა“ (1962).

აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივის პარალელურად, ახალგაზრდა რეჟისორის — რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი" ფესტივალის პროგრამაში SHORT FILM 1: CAN’T BREAK ME იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი დაიწყება 25 სექტემბერს და გაგრძელდება 30 სექტემბრამდე.


45
თემები:
ქართული კინო (72)