„ოსკარის ქანდაკება

„ოსკარის" ნომინანტმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო

89
(განახლებულია 15:16 12.09.2018)
წარმატებული ქართველი რეჟისორის ნამუშევარი რამდენიმე თვეში გამოვა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „ანტონი" მალე მზად იქნება ეკრანებზე გამოსასვლელად, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ფილმის გადაღებები დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ფირის ხმისა და ფერის კორექტირება. მალე კინოფილმი „ანტონი" გაემგზავრება ფესტივალებზე, ფილმის პრემიერა კი 2018 წლის ბოლოს — 2019 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ფილმის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია" მოტივებზე დაიწერა. ეისლერი გერმანელი კოლონისტების შთამომავალია და მან ნაწარმოები თავისი ბიძის მოგონებების მიხედვით დაწერა. მწერლის ბიძა მთავარი გმირის ანტონის პროტოტიპია.

„ანტონი" ისტორიული დრამაა. მოქმედება 1919 წელს ოდესასთან ახლოს, გერმანიის კოლონია გილდენდორფში ვითარდება, სადაც მშვიდად ცხოვრობს ერთი გერმანული ოჯახი. მათ მშვიდობიან ცხოვრებას ბოლშევიკების მოსვლა ანგრევს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ უკრაინელი და გერმანელი მსახიობები ნიკიტა შლანჩაკი, მიკიტ დზიადი, ანტონ სებასტიანი, ნატალია რიუმინა, სიმსონ ბაბლი და ტეტეტია გრანჩიკი.

ფილმი „ანტონი" სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქციაა. გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში. დამდგმელი ოპერატორია კანადაში მცხოვრები მიხაილ პეტრენკო.

„ანტონი" წარმოადგენს პროექტს, რომელმაც ეროვნული კინოცენტრის გრანტების კონკურსში გაიმარჯვა (სუბსიდირება 340 000 ლარის ოდენობით). filmneweurope.com-ის ინფორმაციით, ზაზა ურუშაძემ ამერიკული პარტნიორი კომპანიისგან ფილმისთვის 250 000 დოლარი მიიღო, უკრაინული პარტნიორი კომპანიისგან — 645 000 ევრო. ფილმის ბიუჯეტია 1 029 000 ევრო.

 

89
თემები:
საქართველო და კულტურა (665)