ფილმი ჰორიზონტი

ქართულ ფილმ „ჰორიზონტს“ პოლონეთში უჩვენებენ

138
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი ქართული ოჯახის რღვევისა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობების შესახებ

თბილისი,  13 ივლისი — Sputnik.  ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმ „ჰორიზონტს“ კინოსა და მუსიკის ფესტივალ Transatlantyk Festival–ზე 14 და 18 ივლისს უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Transatlantyk Festival–ი პოლონეთის ქალაქ ლოძში 2011 წლიდან ტარდება. ქართველი რეჟისორის ფილმს უჩვენებენ სექციაში „ახალი კინო“.  

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი — ეს არის  ისტორია  ერთი ქართული ოჯახის რღვევისა და გმირების შინაგანი წინააღმდეგობების შესახებ. ფილმის მთავარი გმირია გიორგი, რომელიც მეუღლესთან დაშორების  შემდეგ თბილისიდან მიდის და ზღვისპირა პატარა სოფელში სახლდება. წარსულზე ფიქრი მას არ ტოვებს… გიორგის გამოჩენა სოფლის მცხოვრებლებში კითხვებს ბადებს, ისინი ვერ ხვდებიან, ადამიანი, რომელიც არც თევზაობს და არც სვამს, რატომ დასახლდა მათ სოფელში.

ეროვნულ კინოცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ კინოფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ჩვენებებზე მარიამ ხაჭვანის „დედეს“ 15 და 16 ივლისს უჩვენებენ.

ლოძში ფესტივალი 13 ივლისს გაიხსნა და 20 ივლისამდე გაგრძელდება.

თინათინ ყაჯრიშვილი ფართო პუბლიკისთვის ფილმ „ პატარძლების“ შემდეგ გახდა ცნობილი. ის ასევე იყო  ანა ურუშაძის ფილმ „საშიში დედის“ პროდიუსერი.


138
თემები:
ქართული კინო (72)