გადამღები კამერა

საქართველოს ჰოლივუდელი პროდიუსერები და მენეჯერები სტუმრობენ

42
პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში განსახილველად 15 პროექტი შემოვიდა

თბილისი,  13 ივლისი — Sputnik.  ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერები და მენეჯერები  პროექტ  „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად საქართველოს სტუმრობენ, ნათქვამია პროექტის ავტორების განცხადებაში.

ამერიკელი კინემატოგრაფები 10–17 ივლისის პერიოდში  კინოგადაღებებისთვის ქვეყნის საინტერესო და უნიკალურ კოლაციებს  შეისწავლიან.

ისინი  ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, ე.წ. „ლოკაციის მენეჯერები“ არიან, რომლებიც მუშაობდნენ ფილმებზე: Momentum,  The Air I breathe, The Patriot, Joe, Shallow Hal,  The Last Castle  და ა.შ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰოლივუდელი კინომოღვაწეები ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, ყაზბეგს, რუსთავსა და თბილისს. 

 „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, კინოინდუსტრიის ხელშეწყობას და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის დროს უცხოელ სტუმრებს შეხვდებიან ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები. ამერიკელი პროდიუსერები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და თავის მხრივ, გაეცნობიან საქართველოში კინოს გადაღების შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ სტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში განსახილველად 15 პროექტი შემოვიდა, მისი  საერთო საინვესტიციო ბრუნვა 26,9 მილიონი ლარია.

პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს.

 

 

 

42
თემები:
საქართველო და კულტურა (702)