აბესალომ და ეთერი

თბილისის ოპერის თეატრი 166–ე სეზონს ხურავს

39
სეზონის დახურვის შემდეგ დასი იტალიაში მიემგზავრება, სადაც ორ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik.  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სეზონს ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“  დახურავს – წარმოდგენა დღეს, 12 ივლისს გაიმართება. 

სპექტაკლში მინაწილეობენ  სოლისტი  – საქართველოს სახალხო არტისტი თიმურაზ გუგუშვილი, შემსრულებლები გია ასათიანი, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე–მამალაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, თამაზ საღინაძე, გია მახარაძე, ასევე სტაჟიორები ნუცა ზაქაიძე და გიორგი მჭედლიშვილი.

დადგმაში დაკავებული არიან  თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი, გუნდი და ორკესტრი, ასევე ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

ოპერის მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი–რეჟისორი გიზო ჟორდანია. სპექტაკლზე ასევე მუშაობდნენ მხატვარი გიორგი ალექსი–მესხიშვილი და ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.

სეზონის დახურვის  შემდეგ თეატრის ორკესტრი და გუნდი  იტალიაში გასტროლზე მიემგზავრება, სადაც პუჩინის „ტორე დელ ლაგოსა" და „ტალიაკოცოს" ფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას. „პუჩინის ფესტივალზე“ ქართველი არტისტები შეასრულებენ ოპერებს „მანონ ლესკო“, „ბოჰემა“, „ტოსკა“ და „ტურანდოტი“, ხოლო „ტალიაკოცოს" ფესტივალზე კი შეასრულებენ ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, პაგანინის, ბრამსისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.

166–ე სეზონი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.  წარმატებით განხორციელდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,  ბადრი მაისურაძის ინიცირებული  მსოფლიო თეატრებთან ახალგაზრდა შემსრულებლების გაცვლითი პროგრამა. პირველი გაცვლა თბილისის ოპერის თეატრსა და ბერლინის სახელმწიფო ოპერის თეატრს შორის  მოხდა. პროექტის სტაჟიორებმა ექსკლუზიური მასტერ–კლასები გაიარეს და წარდგნენ ერთობლივ კონცერტებზე თბილისსა და ბერლინში.

სეზონის ცნობილ მოვლენად ასევე იქცა თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურს Opera Crown–ის დაწესება, რომლის მონაწილეებს მსოფლიო ვარსკვლავებითა და მსოფლიო თეატრების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული  საერთაშორისო ჟიური აფასებდა.

 

 

39
თემები:
საქართველო და კულტურა (702)