მიხაილ ბარიშნიკოვი საქართველოს სექტემბერში ესტუმრება

© photo: Sputnik / Sergey Melkonovმსოფლიო საბალეტო სცენის ლეგენდა მიხაილ ბარიშნიკოვი
მსოფლიო საბალეტო სცენის ლეგენდა მიხაილ ბარიშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარიშნიკოვი ქართველ მაყურებელს სპექტაკლს „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ წარუდგენს

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარდგება, რომელიც 14-30 სექტემბერს გაიმართება.

მიხაილ ბარიშნიკოვი — ბალეტის ცნობილი საბჭოთა და ამერიკელი არტისტი, კოლექციონერი და ფოტოგრაფი. 1974 წელს, კანადაში თეატრის გასტროლების დროს ის დარჩა საზღვარგარეთ, სადაც მას გაუჩნდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებებსა და ნოვატორულ წამოწყებებში. რუსეთის დამსახურებული არტისტი, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი.

წარმატება ჩაის ჭიქაში ჩაგდებული შაქრის ნატეხია — მიხეილ ბარიშნიკოვი >>

ბარიშნიკოვი ქართველ მაყურებელს სპექტაკლს „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ წარუდგენს.

„ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ — საათნახევრიანი მონოსპექტაკლია, რომელიც დადგა ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა, რომელმაც ორი საკულტო ფიგურა ერთ სცენაზე შეახვედრა.

პლასტიკის ელემენტების მქონე სპექტაკლში ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობს. ზოგჯერ მას ბროდსკის ხმის ჩანაწერი ცვლის. ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას ბარიშნიკოვი ავტორის ინტონაციის იმიტაციას ძალიან ზუსტად ახდენს.

ცნობილია, რომ ბარიშნიკოვი და ბროდსკი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი 1974 წელს ნიუ-იორკში გაიცნეს და ბროდსკის სიკვდილამდე მეგობრობდნენ. მან 1996 წელს დაურეკა ბარიშნიკოვს და მას დაბადების დღე თავის გარდაცვალებამდე ერთი დღის ადრე მიულოცა.

სპექტაკლს „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ ლატვიაში, ისრაელში, იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში დიდი წარმატება ხვდა წილად და ახლა მას უკვე საქართველოში ნახავენ.

მიხაილ ბარიშნიკოვის გამოსვლა ფესტივალზე 14, 15 და 26 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე შედგება.

ნინო ანანიაშვილი: გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომლის გემოვნებისაც გჯერა >>

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ.

2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0