Expo Georgia

დღეს თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა იხსნება

77
(განახლებულია 14:59 17.05.2018)
ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს რამდენიმე მოედანზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის ხელოვნების პირველ საერთაშორისო ბაზრობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30 გალერეა და 40 დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) საქართველოს დედაქალაქში პირველად იმართება. ღონისძიება საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" (Expo Georgia) დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან გალერეები და ხელოვნების ინსტიტუტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენის გეოგრაფიული ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, რაც დამთვალიერებელს ახალი, განსხვავებული თანამედროვე ხელოვნების აღმოჩენის საშუალებას მისცემს", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერ-კლასები და ღია ფორუმები. ღონისძიებები Expo Georgia-ს რამდენიმე მოედანზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

გამოფენა „აქ და იქ — რეალობაში და მის მიღმა" 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარების სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა — „დაიკარგა თორმეტი ქალი" კი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში — აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება. ნამუშევრები ემიგრაციის თემას ეძღვნება.

„ომი დროებით შეჩერებულია" — ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეოინსტალაციას, პერფორმანსსა და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.

Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტოფესტივალი და ქართული კერძო კომპანიები. ღონისძიების ორგანიზატორი კი საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯიაა".

77
თემები:
საქართველო და კულტურა (667)