„ფაჯრის" საერთაშორისო ფესტივალზე ექვსი ქართული ფილმი აჩვენეს

გამოწერა
„ფაჯრის" საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელის განმარტებით, ქართული ფილმები სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიისგან მკვეთრად განსხვავებული და თვითმყოფადია.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. „ფაჯრის" რიგით 36-ე პრესტიჟულ კინოფესტივალზე (FIFF — Fajr International Film Festival), რომელიც თეირანში 19-27 აპრილს გაიმართა, ექვსი ქართული ფილმი აჩვენეს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალზე საქართველოს კინემატოგრაფია იმ ექვსი სურათით იყო წარმოდგენილი, რომლებიც 2016-2017 წლებში გადაიღეს.

კადრი ფილმიდან „საშიში დედა“ - Sputnik საქართველო
ქართული კინოს ტრიუმფი: პეკინში ოთხი მთავარი პრიზი ქართველებს გადაეცა

„ფაჯრის" საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელის კამიარ მოჰსენინის განმარტებით, ქართული ფილმები სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიისგან მკვეთრად განსხვავებული და თვითმყოფადია. გარდა ამისა, თანამედროვე ქართულ კინოს გამოარჩევს ახალი ხედვა, კაშკაშა შემოქმედებითი ნიჭი, მაღალი ხარისხისკენ მისწრაფება და კინოკადრის სილამაზე.

„ფაჯრის" კინოფესტივალზე, რომლის ფარგლებში ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", გიორგი ბარაბაძის „ლუკა", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", ანა ურუშაძის „საშიში დედა", მარიამ ხაჭვანის „დედე" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი „ლილე".

აღსანიშნავია, რომ ოვაშვილის „ხიბულაში", რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ეძღვნება, მთავარ როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს, რომელიც ფილმში "სამოთხის ფერი" (რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი, 1999) შესრულებული როლით არის ცნობილი.

საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ხიბულა" და ანიმაციური ფილმი „ლილე" წარმოდგენილი იყო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista.

„ფაჯრი" (FIFF — Fajr International Film Festival) — ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა მითიური ფრინველი სიმურგი. ფესტივალი დააარსდა 1983 წელს, ხოლო 1995 წლიდან საკონკურსო პროგრამას უცხოური ფილმებიც შეემატა.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ბროლის სიმურგი" ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცემა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კატეგორიებში. ფილმების ჩვენებები, თეირანის გარდა, ზოგიერთი პროვინციის ცენტრსა და მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0