დედა ენა

საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

40
(განახლებულია 15:04 14.04.2018)
14 აპრილი საქართველოში ქართული ენის დაცვის დღედ არის გამოცხადებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ — დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება კონცერტები, თემატური გამოფენები და სახალხო სეირნობა.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში ქართული ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები ჩატარდა, რომლის შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

თბილისში დედაენის პარკში 12:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 16:00 საათზე გაიხსნება გამოფენა, რომელიც მშობლიური ენის დღეს მიეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე 1876 წლის პირველი გამოცემის ამსახველი ფოტომასალა.

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საარქივო სტატიებს მშობლიური ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიებებს 19:00 საათზე დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი „ანიდან ჰოემდე“ დაასრულებს. 

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.

ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.

ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.

2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


40
თემები:
საქართველო და კულტურა (741)