ხელოვნების სასახლე Art Palace

თბილისის ხელოვნების სასახლეს პოლ ფრანკენის ტილოები გადასცეს საჩუქრად

77
(განახლებულია 13:37 22.02.2018)
გერმანელი მხატვრის პოლ ფრანკენის ნახატების საერთო ღირებულება 500 ათას ლარზე მეტია.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. XIX საუკუნის ცნობილი გერმანელი მხატვრის, ფერმწერისა და პეიზაჟისტის პოლ ფრანკენის საქართველოსადმი მიძღვნილი ტილოები ამიერიდან თბილისის ხელოვნების სასახლის სიამაყეა, აღნიშნულია ხელოვნების სასახლის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამი უნიკალური ტილო თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს (ხელოვნების სასახლე) მუდმივ მფლობელობაში მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფონდ „ფიროსმანის“ დამფუძნებელმა არჩილ გელოვანმა გადასცა.

საუბარია ტილოებზე „მტკვარი თბილისის ახლოს", „სოფელი კავკასიის მთებში" და „აღმოსავლური პეიზაჟი". როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ფრანკენის ორიგინალური ნამუშევრები ქართველმა კოლექციონერმა სოთბისისა და კრისტის აუქციონებზე შეიძინა.

კოლექციის ღირებულება ამ ეტაპზე 500 ათას ლარზე მეტია.

„არჩილ გელოვანისგან ხელოვნების სასახლეს არაერთხელ მიუღია საჩუქარი, გასულ წლებში მეცენატმა მუზეუმს პირველნაბეჭდი ქართული წიგნები, ძვირფასი გრავიურები და გამოყენებითი ხელოვნების იშვიათი ნიმუშები უსახსოვრა. პოლ ფრანკენის ტილოები უახლოეს დღეებში ადგილს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს", — ნათქვამია განცხადებაში.

პოლ ფრანკენი (1818—1884) მხატვრობაში რომანტიზმის მიმდევარი იყო და ამიტომაც მისი ნამუშევრები მიმზიდველი ფერებითა და ულამაზესი ფიგურებით გამოირჩევა.

მე-19 საუკუნეში კავკასიის სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის დროს ფრანკენს გაუღვივდა ინტერესი კავკასიელთა ყოფისა და ადათ-წესებისადმი. მას განსაკუთრებით იზიდავდა ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ადგილები, უცხო ლანდშაფტები, ეთნოგრაფიული მოტივები. ამიტომაც სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში პოლ ფონ ფრანკენი „კავკასიის მხატვრად" მოიხსენიება.

77
თეგი:
ხელოვნების სასახლე, არჩილ გელოვანი, პოლ ფრანკენი
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

„ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში": ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვირტუალური გამოფენა მოეწყო

48
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად,  მოამზადა პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში".

დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში მყისიერად ჩაერთო და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების, საკარანტინო ზონების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კონტროლის პარალელურად პოლიცია მოსახლეობას მუდმივად ედგა მხარში და ეხმარებოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

ფოტოგამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: "ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში".

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს მოიხსნა. შეზღუდვების ნაწილი ისევ ძალაში რჩება, მათ შორის დაკეტილია კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ყველა ღონისძიება ონლაინ იმართება.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

48
თემები:
საქართველო და კულტურა
ბავშვები კომპიუტერთან

საქართველოში ონლაინ–რეჟიმში ხორციელდება პროექტი „კინო სკოლაში“

65
(განახლებულია 21:49 29.05.2020)
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდობას საშუალება ეძლევა გაეცნოს მსოფლიო კინოს, კინოინდუსტრიის შიდა სამზარეულოს და, ამასთან, პირველი ნაბიჯები გადადგას კინემატოგრაფიაში.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2020 წლის გაზაფხულის სეზონს განსხვავებული ფორმატით, ონლაინ–პლატფორმის გამოყენებით ატარებს, ნათქვამია კინოცენტრის ვებ-გვერდზე.

საგანმანათლებლო ონლაინ–პლატფორმა ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გარდა, პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) მონაწილეობენ იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია. ეს არის საერთაშორისო კინო-საგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია კინოსპეციფიკის სწავლება ონლაინ–ფორმატში. 

„ამ დროისთვის პროექტში ჩართულია 17 კინომისიონერი, 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით და 285 კინოსკოლელი. სასწავლო რესურსი განკუთვნილია 13-19 წლის მოზარდებისთვის და აერთიანებს რამდენიმე თემას: კადრის შექმნა, გამოსახულების გაჭრა, კადრს მიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალელური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და ა.შ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

მოსწავლეებს სწორედ კინომისიონერების დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოებზე და ონლაინ–რეჟიმში შეასრულონ კონკრეტული დავალებები, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის, აღნიშნავენ კინოცენტრში.

ამჟამად საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ორ თემატურ აპლიკაციაზე – პროპაგანდა კინოში და კინოს საშუალებით ხელოვნების სწავლება. აპლიკაციები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლიდან.

ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

65
თემები:
საქართველო და კულტურა
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 1 ივნისი

0
(განახლებულია 08:33 01.06.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე საეკლესიო კალენდარში ასევე არის მღვდელმოწამე პატრიკიოსის და  მასთან სამი ხუცესის, მოწამე კალუთა ეგვიპტელის,  წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის და დიმიტრი დონელის ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში 

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.

წმიდა ნინოს ხსენება საქართველოში წელიწადში ორჯერ აღნიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო  27 იანვარს - გარდაცვალება.

მღვდელმოწამე პატრიკიოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრი და პოლიენოსი

წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს.

იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტესო.

განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.

 მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.

მოწამე კალუთა ეგვიპტელი 

წმიდა მოწამე კალუთა ეგვიპტელი (284-308) ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს.

იოანე გუთელი ეპისკოპოსი

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

დიმიტრი დონელი

დიმიტრი დონელი იყო მოსკოვის დიდი მთავარი 1359-1389 წლებში. ივანე II-ის და ალექსანდრა ივანეს ასული ველიამიანოვას შვილი. 

დიმიტრი დონელმა  მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.

კულიკოვოს ბრძოლაში თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში.

ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა მას.

ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის „დონელი“ უწოდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

0
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019