Synetic Theater

ქართველი ქორეოგრაფები „ამერიკული თეატრის პირველი ლედის" პრემიაზე არიან ნომინირებული

49
დადგმამ „პიტერ პენის თავგადასავალი“ შეიძლება ჯილდო მიიღოს ნომინაციაში „საუკეთესო ქორეოგრაფია პიესაში“

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik.  ქართველი ემიგრანტები, ქორეოგრაფი ცოლ–ქმარი ირინა და ვატო ციქურიშვილები, აშშ–ში ჰელენ ჰეისის (Helen Hayes Award) სახელობის პრესტიჟულ თეატრალურ ჯილდოზე არიან წარდგენილი.

ჯილდოს სახელი ცნობილი ამერიკელი მსახიობის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც წოდება „ამერიკული თეატრის პირველი ლედი“ თავის მეგობართან, მსახიობ კეტრინ კორნელთან გაიყო.

ჯილდო 47 ნომინაციაში გადაიცემა – კოსტიუმების დიზაინიდან  და ქორეოგრაფიიდან დაწყებული რეჟისორული დადგმითა და მსახიობური ოსტატობით დამთავრებული. პრემიის გამარჯვებულებს ვაშინგტონში 2018 წლის მაისში დაასახელებენ.

ირინა და ვატო ციქურიშვილები კატეგორიაში „საუკეთესო ქორეოგრაფია პიესაში“ ნომინირებული არიან თეატრალურ დადგმაზე „პიტერ პენის თავგადასავალი“ მუშაობისთვის. ახალგაზრდა აუდიტორიისთვის შექმნილი შოუ DC Metro Theatre Art Review–ის კრიტიკოსების მიერ იყო შეფასებული, რომლებმაც ქართველი ემიგრანტების ქორეოგრაფიას დიდებული უწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ცოლ–ქმარი ციქურიშვილები ჰელენ ჰეისის ჯილდოზე პირველად არ არიან ნომინირებული. 2003 წელს წყვილის შოუმ „ჰამლეტი“ ანალოგიური ჯილდო სამ ნომინაციაში მოიპოვა – საუკეთესო ქორეოგრაფიის, რეჟისურისა და სამსახიობო ოსტატობისთვის.

ვატო და ირინა ციქურიშვილები აშშ–ში საცხოვრებლად 1990–იან წლებში გადავიდნენ და 2001 წელს ვაშინგტონში თეატრი „სინეთიკი“(Synetic Theater) დააარსეს. 

ქართველი ქორეოგრაფები ამერიკული აუდიტორიისთვის ცნობილია სპექტაკლებით „დრაკულა“, „ფრანკენშტეინი“, „ლედი მაკბეტი“, „ფაუსტი“, „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოსტატი დამარგატიტა“ და სხვა.


49
თემები:
საქართველოს სიამაყე (119)