თბილისში ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerელდარ შენგელაია
ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და პედაგოგის ელდარ შენგელაიას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში 26 იანვარს საზეიმო მიღება მოეწყობა.

საღამოს ორგანიზატორები არიან კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს კინოაკადემია.

ღონისძიებაზე ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად სიტყვით გამოვლენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და კინოაკადემიის პრეზიდენტი აზა ურუშაძე.

საზეიმო მიღების მუსიკალურ გაფორმებაზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები იზრუნებენ.

ელდარ შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე - Sputnik საქართველო
ოცნება მეტყევეობაზე, ჰიდროინჟინერია და კინოშედევრები – ელდარ შენგელაიას ცხოვრების გზა

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა.

1958 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). მისი თანაკურსელები იყვნენ ალექსანდრ კუროჩკინი, ედუარ დაბალიანი და ალექსეი სახაროვი.

1958-1960 წლებში „მოსფილმში“ მუშაობდა რეჟისორად, ხოლო 1960 წლიდან — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

1984 წელს შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელმაც 1984 წელს საკავშირო კინოფესტივალის ჯილდო და 1985 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.

1975-1980 წლებში შენგელაია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორთა კურსს უძღვებოდა. 1985 წელს შენგელაია მოსკოვის XIV საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის.

შენგელაია ავტორია ფილმების: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვა. 

ყველა ახალი ამბავი
0