გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

გამოწერა
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური გაერთიანებების არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფები ახორციელებენ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გელათის მონასტრის კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური გაერთიანებების არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფები ახორციელებენ.

მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

ამ ეტაპზე მიმდინაროებს გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის არქიტექტურული სტუქტურების რესტავრაციის პროექტი, რომელიც დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე არსებული კარნიზებისა და აფრების რეაბილიტაციასა და კონსერვაციას მოიცავს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
იუნესკო გელათის დანგრევას აღარ ელოდება

„გრძელდება ტრადიციული წესით მოჭიქული კრამიტით ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, რომლის დასრულება 2018 წელსაა დაგეგმილი. კვლავ მიმდინარეობს მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც ახლო მომავალში ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კეთილმოწყობა და მასზე არსებული მცირე ობიექტების რეაბილიტაცია. 

როგორც კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იუწყებიან, 2008 – 2017 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2009 წელს ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით გელათის აკადემიის შენობის რესტავრაცია და მისი სახურავის რეკონსტრუქცია ჩატარდა. 2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, სამრეკლოს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეებს. ამავე წელს განხორციელდა გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია. 

გელათის ტაძარი - Sputnik საქართველო
გელათის მონასტერში გადაუღებელმა წვიმებმა ფრესკები დააზიანა

2014 – 2015 წლებში მომზადდა და განხორციელდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის — ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გუმბათის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების წინასწარული კვლევა და პროექტი. 2015 წელს ჩატარდა მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ქვის კონსერვაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრირებულია წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავი. სრული კონსერვაცია ჩაუტარდა ეკლესიის კედლის მხატვრობას. სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითვე განხორციელდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის სახლის რესტავრაცია.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა. სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში მოზაიკებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. იმ დროს მონასტერში გელათის აკადემია მდებარეობდა, რომლის წევრები ძველბერძნული ფილოსოფიას სწავლობდნენ.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.


ყველა ახალი ამბავი
0