ანსამბლი „შავნაბადა" დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე წარდგება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ანსამბლი „შავნაბადა" სტრასბურგში ევროპის ჰიმნის ახალ ვერსიას შეასრულებს, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ შექმნა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ფოლკლორული სიმღერის ქართული სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა" დემოკრატიის VI მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრასბურგში 8-10 ნოემბერს გაიმართება.

ფორუმზე ქართული კოლექტივის გამოსვლა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით შედგება.

„ანსამბლი 8 ნოემბერს ევროპის საბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარდგება", — ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ ევროპის ჰიმნის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია შექმნა, რომელსაც ევროპის საბჭოს სასახლეში საზეიმოდ შეასრულებს „შავნაბადა". გარდა ამისა, გაჟღერდება ხალხური სიმღერები და ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერი".

გენერალური ასამბლეის დარბაზი გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
აღიარება საერთაშორისო არენაზე: საქართველოს წარმატება გაეროში

ევროპის ჰიმნი — ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ჰიმნი, ევროპის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ის ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილის მთავარ თემაზეა შექმნილი და ოფიციალურ ღონისძიებებზე სრულდება. ფრიდრიხ შილერმა 1785 წელს დაწერა ლექსი „ოდა სიხარულს". 1823 წელს, შილერის გარდაცვალების შემდეგ, ლექსი ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილისთვის გამოიყენა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგში 1972 წლის 19 იანვარს ევროპის ჰიმნი ოფიციალურად გამოაცხადა.

გარდა ამისა, 9 ნოემბერს სტრასბურგის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართება ანსამბლ "შავნაბადას" სოლო-კონცერტი.

„შავნაბადას" სახელმწიფო ანსამბლი 2005 წელს დაარსდა. კოლექტივის წევრები ფოლკლორული ანსამბლების — „მართვესა" და „ბიჭების" აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და საეკლესიო მუსიკას.

პარიზში - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებს უვიზოდ საქართველოს დაახლოებით 90 ათასი მოქალაქე ეწვია

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი, რომელიც 2012 წლიდან იმართება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნების წინაშე დგას, გარდა ამისა, ხელი შეუწყონ დემოკრატიულ ინოვაციებს. ფორუმი ღიაა პოლიტიკური სკოლების მსმენელებისა და ასევე სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნესის, სამეცნიერო წრეების, საინფორმაციო საშუალებებისა და პროფესიონალური ჯგუფების წარმომადგენლებს.

წელს ფორუმი ეძღვნება პოლიტიკური პარტიებისა და მასმედიის როლს პოპულიზმის გაზრდის კონტექსტში.

ყველა ახალი ამბავი
0