პორტუგალიაში დასრულდა პანოს რესტავრაცია, რომელზეც ქეთევან დედოფლის წამებაა გამოსახული

© FB / Georgian National Agency for Cultural Heritage Preservationქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო
ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანოზე ქეთევან დედოფლის ცხოვრების ეპიზოდებია გამოსახული

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ლისაბონის გრასას მონასტერში დასრულდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია.

12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლის პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისათვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რესტავრაციის შედეგად პანოს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

პანოს სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროებოდა, მისი ნაწილები და კერამიკულ დეტალები სავალალო მდგომარეობაში იყო. არსებობდა მთელი ნიმუშის განადგურების საფრთხე. კომპოზიციის საყრდენი კედელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. დაზიანებული იყო კომპოზიციის პერსონაჟების თვალები და სახეები.

პანოს რესტავრაციის ღირებულებამ 16 000 ევრო შეადგინა.

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო როგორც საქართველოსთვის, ისე პორტუგალიისათვის მონუმენტური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს. იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პორტუგალიელი მისიონერები აღმოსავლეთში ჩადიოდნენ და პირველი ქრისტიანული საზოგადოების შექმნის მოწმეები გახდნენ. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. 10 წლის მძევლად ყოფნის შემდეგ სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამის გამო ის წამებით მოკლეს.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სამარხი გოაზე - Sputnik საქართველო
„ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარცულ დედოფალსა“ - წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ყველა ახალი ამბავი
0