„ღამის სერენადები“ ბათუმსა და თბილისში გაჟღერდება

© photo: Night Serenades / FBლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ლიანა ისაკაძე და მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო კამერული მუსიკის ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26-31 აგვისტოს პერიოდში მეცხრედ  გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

კონცერტები ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ დარბაზში 26, 28 და 29 აგვისტოს ჩატარდება.

26 აგვისტო, ფესტივალის საზეიმო გახსნაზე სტუმრების წინაშე წარდგებიან  დირიჟორი დავით მუქერია, თავად ლიანა ისაკაძე და მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო კამერული მუსიკის ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს.

ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე ლიანა ისაკაძე იუბილარია

ტყუპი კლარნეტისტების დუეტი ისრაელიდან. 28 აგვისტოს ფესტივალის სტუმრების წინაშე მონატრებული ჯაზური კონცერტით წარდგებიან ალექსანდრა და დანიელა გურფინკელები ლიანა ისაკაძესთან ერთად. 29 აგვისტოს კი გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი და ისაკაძე „ღამის სერენადებს“ შეასრულებენ.

„ღამის სერენადების“ დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში გაიმართება. 31 აგვისტოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტზე მსმენელის წინაშე ლიანა ისაკაძე, იუსტუს ფრანცი და „ვირტუოზები“ წარდგებიან.

საღამოებზე გაჟღერდება როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ისე თანამედროვე კომპოზიციები. კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება.

ლიანა ისაკაძემ 1982 წელს ფესტივალი „ღამის სერენადები“ დააარსა. ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0