თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში ორი გამოჩენილი კომპოზიტორის — დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის — უკვდავი ნაწარმოებები 24 ივნისს აჟღერდება.
სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება. საღამო 2016-2017 წლების საკონცერტო სეზონს დაასრულებს.
სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები — ქართველი მუსიკოსი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირიჟორი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე რევაზ ტაკიძე და მისი ქალიშვილი, გერმანიაში მცხოვრები პიანისტი ანა ტაკიძე.
საღამოს პროგრამაშია — „სიმფონია№1“ და კონცერტი №1 ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისთვის.
მოცარტის რეპერტუარიდან მუსიკოსები ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის კონცერტი №13-ს შეასრულებენ.