კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე

ქუთაისში რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული ტარდება

17
კინოს დღეები ქუთაისში 3 მაისამდე გაგრძელდება, პროგრამაშია - ქართული და რუსული ფილმები.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik.საქართველოს და რუსეთის გამოჩენილი კინორეჟისორების — რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული იმართება ჩხეიძის მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში.

კინოს დღეები 30 აპრილს დაიწყო და 3 მაისამდე გაგრძელდება. ჩვენებები კინოთეატრ „საქართველოში“ მიმდინარეობს.

კინოკვირეულის ორგანიზატორია რეზო ჩხეიძის ქუთაისის მუზეუმის (შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამამ“) დირექტორი ინაზე ავალიანი რუსეთის კინემატოგრაფისტთა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით

 „გასული წლის დეკემბერში რეზო ჩხეიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა, ასე რომ ეს მისი წელია. რუსეთში კი ელდარ რიაზანოვის წელია. როგორც ცნობილია, მათ ძალიან ძლიერი მეგობრობა აკავშირებდა. ეს ყველაფერი მათ მეგობრობას მოეძღვნა“, — განუცხადა  „Sputnik-საქართველოს“ ავალიანმა.

კინოკვირეული იმ განთქმული სიტყვით დაიწყო, რომელიც ქართველმა რეჟისორმა 2009 წელს წარმოსთქვა, XXXI მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, როდესაც მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის პრიზი მიიღო. მაშინ ჩხეიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვები გაიხსენა, კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

კინოკვირეულის პროგრამაშია მხატვრული ფილმები — ელდარ რიაზანოვის „ანდერსენი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“, მარინა მიგუნოვას „სარკეები“, ანდრეი სოკოლოვის „შემოდგომის ხსოვნა“, რენატა ლიტვინოვას „ქალღმერთი: როგორ შემიყვარდა“, ჟორა კრიჟოვნიკოვის „გორკო!“, ოქსანა კარასის „კარგი ბიჭი“ და სხვები.

კინოკვირეულის სტუმრები ქართულ ფილმებსაც ნახავენ — ვასო ამაშუკელის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ და კოტე ვერულაშვილისა და ზვიად მესხის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს  ,,ჩვენ ჩვენი ფესვებიდან მოვდივართ“.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის „სავარძელის“ პრემიერა გაიმართება. ამ სურათით დასრულდება რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული.

ყველა ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

ორგანიზატორთა გეგმების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან კინოკვირეული რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოფესტივალად იქცევა და ის ქუთაისში ყოველწლიურად ჩატარდება.

 

 

17