თეატრი „У Моста' თბილისში „ხანუმას“ და სისხლიან მაკდონაჰს აჩვენებს

© FB / Пермский Театр "У Моста"სცენა სპექტაკლიდან „ხანუმა"
სცენა სპექტაკლიდან „ხანუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ერთ-ერთმა საუკეთესო თეატრმა თბილისში ორი სპექტაკლი ჩამოიტანა - „ხანუმა“ და „ხეიბარი ინიშმანიდან'.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. პერმის თეატრი „У Моста", რომელიც საქართველოში გასტროლებზე პირველად ჩამოვიდა, თავისი ორი საუკეთესო სპექტაკლი ჩვენებისთვის ემზადება — აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და პოპულარული ბრიტანელი დრამატურგის მარტინ მაკდონაჰის „ხეიბარი ინიშმანიდან" (The Cripple of Inishmaan).

„თბილისში პირველად ვართ და თბილისელების ფანტასტიურმა სტუმართმოყვარეობამ უკვე გაგვაოცა. შთამბეჭდავად ლამაზი ქალაქია. მოხარულები ვართ, რომ ამ თეატრალურ ქალაქში ჩამოვედით, რომელიც განთქმულია არაჩვეულებრივი სიმღერებით და ტრადიციებით“, — განაცხადა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე თეატრის „У Моста" დასის გამგემ, მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ოლესია ეგოროვამ.

პერმის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში პერმის თეატრი პირველ გასტროლს გამართავს

მარტინ მაკდონაჰი (Martin McDonagh) — ირლანდიული წარმოშობის ინგლისელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დრამატურგი. შვიდი პიესის ავტორია და ორი სრულმეტრაჟიანი კინოფილმის დამდგმელია — ბრიუგეში / In Bruges (2008) და „შვიდი ფსიქოპატი“ (2012), ასევე ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ „ოსკარის“ ლაურიატია (ფილმი SIX SHOOTER).

ეგოროვას თქმით, რუსეთში მაკდონაჰი სწორედ თეატრმა „У Моста" და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სერგეი ფედოტოვმააღმოაჩინა. დრამატურგს ახასიათებს მწვავე დიალოგები და საინტერესო, უჩვეულო პერსონაჟები, თავად ავტორი კი ძალიან ცხოვრებისეულ და ნათელ თემებზე წერს.

„თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მაკდონაჰი ძალიან სისხლიან კომედიებს წერს, ეს ასე არ არის, რადგან მაკდონაჰი ძალიან ადამიანურია და მისთვის ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე, ხეიბარზე, რომელისაც ფილმში გადაღება და ჰოლივუდში წასვლა სურს. ის იქ წავა კიდეც, მაგრამ იტყვის, რომ სამშობლოზე უკეთესი არაფერია და მისი ადგილი კუნძულ ინიშმანზეა. ანუ თითოეული ადამიანის გული იქ არის, სადაც მისი სამშობლოა. სპექტაკლი სასაცილოა და ამავე დროს დრამატულიცაა და ძალიან ახლოს არის რუსი და ქართველი მაყურებლისათვის“, — აღნიშნა ეგოროვამ.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე თეატრი „У Моста“-ს დასი მარტინ მაკდონაჰის „ხეიბარი უნიშმანიდან" (The Cripple of Inishmaan) 27 აპრილს, 19:00 საათზე წარადგენს.

მეორე სპექტაკლი, რომელსაც პერმის თეატრი ქართულ სცენაზე წარადგენს — „ხანუმა“. ეგოროვას თქმით, ეს სპექტაკლი რუსეთში სავსე დარბაზებს აგროვებს და მას რუსეთში და უცხოურ ფესტივალებზე კოლოსალური წარმატება უამრავჯერ ხვდა წილად.

„რა თქმა უნდა, ამ ატმოსფეროში მოხვედრა ძალიან გვინდოდა… და სერგეი ფედოტოვს დადგმა ნამდვილად გამოუვიდა. რადგან ეს ბრწყინვალე კოლორიტია, სიცოცხლის ხალისი. ამ ადამიანების შესრულება ძალიან გვიყვარს, რადგან ისინი მღერიან, ცეკვავენ. ამ კოლორიტის შეგრძნება გვინდოდა აქ, ქართულ მიწაზე, თბილისში. მოხარულები ვართ, რომ სწორედ ეს სპექტაკლი ჩამოვიტანეთ“, — განაცხადა ეგოროვამ.

„ხანუმას“ წარმოდგენა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება 28 აპრილს, 19:00 საათზე.

პერმის თეატრი У Моста მიიჩნევა ერთადერთ მისტიურ თეატრად რუსეთში, რადგან კლასიკურთან ერთად რეპერტუარში მისტიური ნაწარმოებებიც გააჩნია, მათ შორის ბულგაკოვისა და გოგოლის მიხედვით.

თეატრი „У Моста“ — ნაციონალური პრემიის „ოქროს ნიღბის“ სამგზის ნომინანტი და ლაურეატია, ასევე საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდი 2014“-ის გრან-პრის მფლობელი, უცხოური ფესტივალებისა და საერთაშორისო ფესტივალების 40 გრან-პრის მფლობელი.

„У Моста“ — საავტორო თეატრია, რომელიც აგრძელებს რუსული ფსიქოლოგიური თეატრის საუკეთესო ტრადიციებს და ამავე დროს რეპერტუარული თეატრის და თეატრ-ლაბორატორიის იდეებს ითავსებს. თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია რუსეთის დამსახურებული არტისტი სერგეი ფედოტოვი.

ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, თეატრი „У Моста“ რუსეთის საუკეთესო თეატრების ათეულში შედის. თეატრის ანგარიშზეა 155 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობა და 200-ზე მეტი უცხოური გასტროლი.

საქართველოში გასტროლების შემდეგ თეატრი У Моста მოემზადება ჩეხოვის მიხედვით დადგმულ სპექტაკლის პრემიერისთვის „სამი და“ და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „მელიხოვის გაზაფხული“, რომელიც 2017 წლის 20-27 მაისს ჩეხოვის მუზეუმ-ნაკრძალში „მელიხოვოში“ მე-18-ჯერ გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0