სპექტაკლი ხოლსტომერი. ცხენების ისტორია

თბილისის გრიბოედოვის თეატრი ბელარუსში გამოვა

31
(განახლებულია 12:07 28.03.2017)
თეატრალურ ფორუმში "М.art კონტაქტი-2017" მსოფლიოს ათი ქვეყნის თეატრალური დასები მონაწილეობენ.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული თეატრი ბელარუსში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თეატრალურ ფორუმში "М.art კონტაქტი-2017".

საერთაშორისო თეატრალური ფორუმი "М.art კონტაქტი-2017" 2006 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღმოსავლეთ ბელარუსში, ქალაქ მოგილიოვოში იმართება. ფორუმი, საუკეთესო სცენური ნაწარმოებების ახალგაზრდებისთვის ჩევენების საშუალებით, თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და პროპაგანდის მიზნით შეიქმნა.

წელს, რიგით მე-12 ფორუმში, რომელიც 21-27 მარტს იმართება, ნაჩვენები იქნება მსოფლიოს 10 ქვეყნის 20 თეატრის სპექტაკლი. ეს ქვეყნებია: საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, პოლონეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აშშ, ლიტვა და ავსტრია. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფორუმზე მიწვეული არიან კოლექტივები, რომლებმაც წინა ფესტივალებზე თავი ნათლად წარმოადგინეს, ასევე ახალი თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები. აშშ-ისა და ავსტრიის თეატრები ფორუმში წელს პირველად მონაწილეობენ.

წლევანდელ ფორუმზე პროფესიული ჟიური გათვალისწინებული არ არის. სპექტაკლების განხილვისა და დაჯილდოებისთვის მიწვეული არიან ახალგაზრდა კრიტიკოსები, ასევე ქალაქის ახალგაზრდობა, მათ შორის, ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

გრიბოედოველები მოგილიოვში 24 მარტს წარადგენენ სპექტაკლს "ხოლსტომერი. ცხენის ისტორია", რომელიც ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა.

ამ დადგმის პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლი აჩვენეს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, მახაჩკალაში, ერევანში, ბაქოში, სარანსკში, ბრესტში, მინსკსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს სპექტაკლმა რუსეთში მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე "ოქროს რაინდი" გრან-პრი მიიღო.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგენიძე, გიორგი ზანგური, მიხეილ არჯევანიძე, ანა არუთუნიანი-ნიკოლავა და სხვები.

გრიბოედოვის სახელობის თეატრის მონაწილეობა ბელარუსის თეატრალურ ფორუმში ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

31