თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისში პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის ტრიბიუტ-კონცერტი გაიმართება — გერმანიიდან მსოფლიო ვარსკვლავის ორეული საშა პაზდერა ჩამოდის.
მომღერალი საკუთარი ბენდის, ბექ-ვოკალისტებისა და მოცეკვავეების თანხლებით სამსაათიან შოუ-პროგრამას გამართავს Tbilisi Event Hall-ის სცენაზე, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
საშა პაზდერა ცნობილი გერმანელი მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და რეჟისორია. უკვე 30 წელია, რაც ის ჯექსონის ტრიბიუტ-კონცერტებით გამოდის. პაზდერა პირადად იცნობდა მაიკლ ჯექსონს და მის ქორეოგრაფთან ლა ველე სმიტთანაც თანამშრომლობდა.
1998 წელს საშა პაზდერას გადაეცა ჯილდო „წლის ბრილიანტი“ მაიკლ ჯექსონის ორეულის რანგში ევროპაში გამართული კონცერტებისთვის.
მომღერალმა სახელი კიდევ უფრო გაითქვა ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ. ტელევიზიები და რადიოები სტუდიებში იწვევდნენ, ხოლო პრესა ბევრს წერდა ლეგენდარული მომღერლის ორეულის შესახებ.
ამჟამად საშა პაზდერა ხშირად სტუმრობს ისეთის სახელგანთქმული კომპანიების საზეიმო ღონისძიებებს, როგორებიცაა Siemens, Toyota, Mercedes და სხვა. გარდა ამისა, კონცერტები გაუმართავს ისეთ ვარსკვლავებთან და ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან Backstreet Boys, ორნელა მუტი, Gipsy Kings, უდო იურგენსი, რობერტო ბლანკო, ჯოშუა კადისონი, მაიკ კრუგერი.