რაშიდ ბეიბუთოვი

თბილისში აზერბაიჯანელ მომღერალს რაშიდ ბეიბუთოვს გაიხსენებენ

27
(განახლებულია 15:56 09.01.2017)
რაშიდ ბეიბუთოვის საპატივსაცემოდ თბილისში საიუბილეო კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები, აჩვენებენ მომღერლის გამოსვლების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, გაიმართება ფოტოგამოფენა.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. თბილისში გამოჩენილი აზერბაიჯანელი საოპერო და საესტრადო მომღერლის რაშიდ ბეიბუთოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამო 27 სექტემბერს გაიმართება.

კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.

საღამოზე აჩვენებენ კადრებს ვიდეოარქივიდან, რომლებშიც რაშიდ ბეიბუთოვის ჩანაწერებია სხვადასხვა ოპერიდან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, ტენორი ირალი მურჯიკნელი და მუსიკოსები.

ღონისძიების წამყვანია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ–კონსულტანტი, პროფესორი გიორგი დოლიძე. შენობის ფოიეში დაგეგმილია ფოტოგამოფენა, რომელიც ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის, თბილისში მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და ორგანიზაცია Classic Art M Georgia–ს მხარდაჭერით.

რაშიდ ბეიბუთოვი თბილისში დაიბადა და ბავშვობაც აქ გაატარა. სხვადასხვა დროს მღეროდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. იყო ლირიკული ტენორი.

ბეიბუთოვს პოპულარობით, კავკასიელ მომღერალთა შორის, მხოლოდ მუსლიმ მაგომაევი შეიძლება შეედაროს.

ბეიბუთოვი ბევრს და წარმატებით მართავდა გასტროლებს მთელ მსოფლიოში. მისი სასიმღერო რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში.

27