შემოდგომის თბილისი

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ოცდამეოთხედ გაიმართება

56
(განახლებულია 11:02 18.01.2017)
ტრადიციული ღონისძიება თავის სცენაზე შეკრებს მუსიკოსებს საქართველოდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომელზეც კლასიკური მუსიკის შედევრები აჟღერდება, საქართველოს დედაქალაქში 17–22 ოქტომბერს გაიმართება. 

ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში გაიმართება. მასში მონაწილეობენ გამოჩენილი მუსიკოსები და ანსამბლები საქართველოდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სტუმართა შორის არიან: ცნობილი კლარნეტისტები – ტყუპი ძმა ალექსანდრ და დანიელ გურფინკელები და დირიჟორი ამოს ტალმონი ისრაელიდან, ანსამბლი „იანოშკა“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის კვარტეტი თურქეთიდან, პიანისტი ილონკა ჰაილინგლო და მევიოლინე ვოლფრამ ბრანდლი გერმანიიდან.

„შემოდგომის თბილისზე“ საქართველოს წარმოადგენენ საოპერო სოლისტები: სალომე ჯიქია და თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო–სოპრანო), გიორგი დავითაძე და ირაკლი კახიძე (ტენორი), კახაბერ შავიძე და სულხან ჯაიანი (ბანი), იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ფოლკლორული ანსამბლ „გეორგიკას“ კონცერტები.

ფესტივალი გაიხსნება კონცერტით, რომელიც შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელს ეძღვნება. ამ დღეს სცენაზე მოცარტის „რეკვიემი“ აჟღერდება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” 1993 წელს კახიძის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. 


56