ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

Batumi Music Fest სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მუსიკოსებს მოუყრის თავს

39
(განახლებულია 11:14 18.01.2017)
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მუსიკოსები ევროპიდან, აშშ–იდან, ბელარუსიდან და საქართველოდან ბათუმის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოვლენ.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტის, „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მუსიკოსებს მეოთხედ უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ მუსიკოსები ევროპიდან, აშშ–იდან, ბელარუსიდან და საქართველოდან, 17–22 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის პროგრამაშია მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრები.

მონაწილეთა შორის არიან: ცნობილი ფრანგი პიანისტი და კომპოზიტორი სიპრიან კაცარისი, კლარნეტისტი დარკო ბრლეკი სლოვენიიდან, ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი, ახალგაზრდა პიანისტი ბელარუსიდან მაია ირგალინა და ქართული ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმები“, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბათუმში ფესტივალს მისი დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე გახსნის.

კონცერტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება. Batumi Music Fest–ის ფარგლებში ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისთვის ასევე დაგეგმილია მასტერ–კლასები.

Batumi Music Fest იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. 2015 წელს ფესტივალს მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი და პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი შეუერთდა ევროპული ფესტივალების ასოციაციას EFA.


39