Maroon 5

„Maroon 5“ ქართული მრავალხმიანობით აღფრთოვანდა

42
(განახლებულია 19:25 07.06.2016)
ამერიკელმა მუსიკოსებმა ბათუმში კონცერტის დაწყებამდე ქართული კერძებიც დააგემოვნეს და კულტურაც შეაფასეს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. პოპულარული ამერიკული პოპ–როკ–ჯგუფი „Maroon 5“ უკვე ბათუმშია, სადაც ამ საღამოს კონცერტს გამართავს. ჯგუფის წევრებმა უკვე მოასწრეს ქართული კერძების გასინჯვა და ტრადიციული ქართული მრავალხმიანი სიმღერის მოსმენაც.

ჯგუფმა უკვე ატვირთა თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო, რომელშიც ანსამბლი „ერისიონი“ მღერის, და თან დაურთო წარწერა: This was awesome („ეს გამაოგნებელი იყო“).
ვიდეოს უკვე 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა აღნიშნა, ბათუმში უკვე ყველაფერი მზადაა ამერიკელი მუსიკოსების გამოსვლისთვის. მისი თქმით, 20:00 საათისთვის წვიმაც კი გადაიღებს — ასეთია ამინდის პროგნოზი.

„ტექნიკურად ყველაფერი მზადაა კონცერტისთვის. ამ მომენტისთვის ყველაფერი გათვლილია და ყველა ტექნიკური მოწყობილობა დაზღვეულია უამინდობისგან. ცოტა ხანში სცენაზე უკვე „Maroon 5“–ის პირადი ტექნიკოსები ავლენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებს დადგამენ“, — განაცხადა კანდელაკმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კონცერტი დიჯეის გამოსვლით დაიწყება, რომელიც მსმენელს „გაახურებს“. ამას მოჰყვება ტრიო „Max the Sax–ის“ გამოსვლა — დაახლოებით 45 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება სცენაზე „Maroon 5“.

ღონისძიება სამთავრობო პროექტის Check in Georgia–ს ფარგლებში ტარდება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ პროექტმა უკვე გაამართლა, ვინაიდან ბათუმი და მის შემოგარენში არსებული დასახლებული პუნქტები სრულადაა შევსებული ქართველი და უცხოელი ტურისტებით.

„უკვე მიღწეულია ჩვენი მიზანი – რეგიონებში რაც შეიძლება ბევრი ხალხის მოზიდვა, რათა რეგიონებმა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ. მეორე მხრივ, წმინდა კულტურული თვალსაზრისით დღეს საღამოს ერთ–ერთი ყველაზე განსაკუთრებული, მასშტაბური, მსოფლიო დონის კონცერტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კონცერტს დაესწრება, თან დაუვიწყარ შთაბეჭდილებას წაიღებს“, — თქვა გიორგაძემ.

42