"ბანი" კონცერტებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში პირველად გამართავს

© FB/ Bani.Official"ბანი"
ბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოლკ-ჯგუფის კონცერტები ნიჟნი–ნოვგოროდში, ვოლგოგრადში, ნალჩიკში, ვლადიკავკაზსა და სოჭშიც გაიმართება. რუსეთის შემდეგ „ბანი“ საფრანგეთსა და იაპონიას ეწვევა.

თბილისი, 15 мар — Sputnik. ცნობილი ქართული ფოლკ–ჯგუფი „ბანი“, რუსეთის ქალაქებში გასტროლების ფარგლებში, 14 მაისს მოსკოვში პირველ კონცერტს გამართავს, აცნობეს ჯგუფის წევრებმა Sputnik-ს.
ქართველი შემსრულებლები მოსკოვში სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) „მწვანე თეატრის“ სცენაზე გამოვლენ.

„გასულ თვეში ყაზანში ვიყავით, სადაც მაყურებელმა ძალიან თბილად მიგვიღო და აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი შემოქმედებით. რაც შეეხება საგასტროლო პროგრამას, მასში, ძირითადად, კავკასიური სიმღერები შევა. გარდა ამისა, ერთი სიახლე გვაქვს — ჩვენ გავფართოვდით და უკვე მოცეკვავეებიც გვყავს“, — განაცხადა „ბანის“ სოლისტმა მათე ფირცხალავამ.

მოსკოვის გარდა „ბანის“ შესრულებით ქართულ სიმღერებს სანკტ-პეტერბურგშიც პირველად მოუსმენენ. ჩრდილოეთ დედაქალაქში სოლო-კონცერტს ქართული ჯგუფი კონცერტ-ჰოლ „ავრორას“ სცენაზე 21 მარტს გამართავს.

„ბანის“ საგასტროლო ტურნე ნიჟნი–ნოვგოროდს (23 მარტი, საკონცერტო დარბაზი Premio), ვოლგოგრადს (25 მარტი, ოფიცერთა სახლი), ნალჩიკს (26 მარტი, მუსიკალური თეატრი), ვლადიკავკაზს (27 მარტი, ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზი) და სოჭს (29 მარტი, ზამთრის თეატრი) მოიცავს.

რუსეთის შემდეგ ქართული ფოლკ-ჯგუფი საგრანგეთსა და იაპონიას ეწვევა.

ჯგუფი „ბანი“ 2011 წლის 2 იანვარს დაარსდა. კოლექტივი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში „დაიბადა“ – პირველ ნახევარ წელს მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ, შემდეგ ეს სიმღერები ქართული რესტორნების სცენაზე გადაჰქონდათ. მაშინ დაიბადა მათი პირველი ჰიტიც – „რაჭული“, რომელმაც „ბანს“ მთელ საქართველოში დიდი პოპულარობა მოუტანა.

დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მათე ფირცხალავა – სოლისტი და პირველი ხმა, ვოკალისტები – რაულ ბიწაძე (მეორე ხმა), გოგა ნიკოლაძე (ბანი, მეორე ხმა), ასევე გელა გოგიშვილი (დასარტყამი საკრავები, მეორე ხმა), ბესო კვიციანი (კლავიშიანი საკრავები, ბანი), ბესო მეტრეველი (გარმონი), გია ფეიქრიშვილი (გიტარა), ბექა მიქაძე (დრამი, ბანი).

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი სიმღერაა. „ბანის“ მუსიკა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა პოპულარული. ქართველი მომღერლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.

ყველა ახალი ამბავი
0