წიგნი

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ ახალი წესებით განაცხადების მიღება დაიწყო

11
(განახლებულია 15:18 28.01.2016)
პირველად პრემიის ისტორიაში, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ თავის გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ განაცხადების მიღება ახალი წესებით დაიწყო — წელს კონკურსზე გამოჩნდა ავტორიტეტული ლიტერატორებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო, გაზრდილია ნომინაციები და ჩართულია მკითხველი, იუწყება პრემიის ოფიციალური ვებგვერდი

მრჩეველთა საბჭოში, პრემიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან „საბას“ პრემიის ლაურეატები ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ — ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე; პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. 

სწორედ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს „საბას“ წლევანდელ ჟიურის, რომლის ვინაობაც,  ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გაცხადდება. 

გარდა ამისა, პრემიის კიდევ ერთი სიახლეა ახალი ნომინაცია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ასევე პირველად პრემიის ისტორიაში, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ თავის გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. მკითხველის ხმის მიცემა პრემიის ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე ჩატარდება. 

შედეგად, ქართველ ლიტერატორებს პრემია „საბას“ ფარგლებში 11 ნომინაცია ელოდებათ: საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი, საუკეთესო ელექტრონული წიგნი, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. 

საკონკურსო ნამუშევრები პრემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. იქვე, კონკურსის პარალელურად, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების ელექტრონული ვერსიის წაკითხვა, შეფასება და შეძენა.

 „ჟიური მუშაობას თებერვლიდან შეუდგება. ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, სექტემბერში კი 12 გამარჯვებული „თიბისი“ ბანკისგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებს“, — აღნიშნულია ლიტერატურული პრემიის საიტზე. 

წელს საპრემიო ფონდი, ორი დამატებითი ლაურეატის გამო, 8 ათასი ლარით გაიზარდადა 52 ათას ლარს შეადგენს.

კონკურსზე წიგნების წარდგენის უფლება აქვთ როგორც ავტორებს, ისე გამომცემლობებს. 

საკონკურსო განაცხადების ელექტრონულად შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

საუკეთესო წიგნებსა და ლიტერატორებს 2016 წლის სექტემბერში გამოაცხადებენ. დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“  „თიბისი ბანკმა“ და პენ ცენტრმა 2003 წელს დააარსეს. „საბა“ გასული წლის ლიტერატურულ პროცესს აფასებს და საუკეთესო ავტორებს ავლენს.


11