თბილისში გრიგოლ აბაშიძის ძეგლი გაიხსნა

უნგრეთის შემდეგ გრიგოლ აბაშიძის ძეგლი თბილისშიც დაიდგა

190
(განახლებულია 09:30 21.11.2015)
ხანდახან გიკვირს კიდეც, როგორ შეძლო სოციალისტური შრომის გმირმა, ლენინის სახელობის ორდენის ორგზის მფლობელმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ შეენარჩუნებინა ღირსება, წითელი საფრთხის წინაშე ქედუხრელობა და მომავალი თაობებისთვის ზნეობრივ მაგალითად დარჩენა.

  ნინო ქუთათელაძე

  „დღეს  ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ იხსნება დიდი ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის — გრიგოლ აბაშიძის — ბიუსტი. ეს ძეგლი მომავალ თაობებს  შეახსენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვრჩა პატივისცემა და სიყვარული იმ გამორჩეულ მოღვაწეთა მიმართ, რომელთაც ღვაწლი დასდეს ჩვენს კულტურას“-განაცხადა მწერალმა, პუბლიცისტმა და ლიტერატურათმცოდნე მაკა ჯოხაძემ.

 2010 წელს უნგრეთის ქალაქ კიშკოროშში შანდორ პეტეფის სახლ-მუზეუმის წინამდებარე სკვერში მადლიერმა უნგრელმა ხალხმა ძეგლი დაუდგა ქართველ პოეტს. აღსანიშნავია, რომ ამ სკვერში დიდი უნგრელი რომანტიკოსის თითქმის ყველა მთარგმნელის ბიუსტია წარმოდგენილი. დასანანი იყო, რომ საქართველოში არ გვქონდა გრიგოლ აბაშიძის ძეგლი და პოეზიის ქვეყანაში უცხო ქვეყნის თავგამოდება და სიყვარული გვექცა მაგალითად.

 მაგრამ ასეა თუ ისე, ყინული გალღვა.  სიყვარული და სიკეთე დაფასდა  და დღეს ეს პატარა ქუჩა ახალი სინათლით აელვარდა. 

 როგორც პოეტის ქალიშვილმა, თამარ აბაშიძემ აღნიშნა- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა პირადად შეარჩია აღნიშნული ადგილი ბიუსტის დასადგმელად. საერთოდ, ქალაქის მერიამ დიდი ღვაწლი დასდო ამ კეთიშობილურ საქმეს და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი არამხოლოდ ქართულ პოეზიას, არამედ დედაქალაქის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უყვარს და ახსოვს ქართველი პოეტი — გრიგოლ აბაშიძე.

 ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია: „ მე ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვესწრები ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას — პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ აბაშიძის ძეგლის გახსნას. მჯერა, რომ ეს ძეგლი არაერთხელ შეახსენებს აქ, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსულ საზოგადოებას ამ დიდებული ადამიანის სახელსა და საქმეს.“   

 ჯანსუღ ჩარკვიანი: „სადაც არ წავედი სამუშაოდ, ყველგან ერთად ვიყავით, ყველგან ვგრძნობდი მის გვერდში დგომასა და სიყვარულს. გრიგოლ აბაშიძე თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო და ყველა კეთილი საქმე, მწერლობა იქნებოდა ეს, თუ სხვა რამ, მისი მხარდაჭერითა და კეთილი სიტყვითა თუ რჩვეით გვარდებოდა. მადლობა მინდა ვუთხრა ქალაქის მერს, დავით ნარმანიასა და მთელ მის გუნდს ქართული ლიტერატურისადმი ასეთი გულისხმიერებისა და მისი ასეთი დაფასებისთვის.“

  თუ გრიგოლ აბაშიძის ცხოვრებას თვალს გავადევნებთ, ის განუწყვეტელი ბრძოლითა და შეუპოვრობის მაგალითებით არის სავსე. ხანდახან გიკვირს კიდეც, როგორ შეძლო სოციალისტური შრომის გმირმა, ლენინის სახელობის ორდენის ორგზის მფლობელმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ შეენარჩუნებინა ღირსება, წითელი საფრთხის წინაშე ქედუხრელობა და მომავალი თაობებისთვის ზნეობრივ მაგალითად დარჩენა. მან 1934 წელს გამოსცა თავისი პირველი პოეტური კრებული, მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“, თვითონაც რეპრესირებულთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ და მაინც ჰყოფნიდა ძალა, ეთქვა სიმართლე, ქომაგად დასდგომოდა დაჩაგრულს… ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ის ყველა სიახლის, ყველა ნიჭიერი ადამიანის მხარდამჭერი და წამქეზებელი იყო, არ გამორჩებოდა არცერთი ლიტერატურული მოვლენა, რომ არ გამოხმაურებოდა. მისი ხელდასხმით გამოვიდა ტარიელ ჭანტურიას, გივი ალხაზიშვილისა და სხვა პოეტთა ნაწარმოებები. მარტო იმ წერილის გახსენება რად ღირს, ბატონმა გრიგოლმა დიდებულ ქართველი მწერლის ჯემალ აჯიაშვილის „შუა საუკუნის ებრაული პოეზიის“ თარგმანებს რომ მიუძღვნა.

გივი ალხაზიშვილი: „გრიგოლ აბაშიძე ჩვენი მეგობარი იყო. ნიჭიერებას შეამჩნევდა თუ არა ახალგაზრდას, მაგნიტივით მიიზიდავდა, გულს გაუხსნიდა და პატრონობდა არა მხოლოდ მის შემოქმედებას, არამედ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარების დროსაც მხარში ედგა“.

 გრიგოლ აბაშიძემ სუფთად გამოიარა ყველა ქარტეხილი, საქართველოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს მასზე ნაწყენსა და გულდაწყვეტილს, განსაცდელში მიტოვებულს, რჩევისა და თანადგომის გარეშე უკან გაბრუნებულს… ის მართლაც ჰგავდა თავის სტრიქონებს:

                                       „სისხლს ვერ ვიხდენდი (რა რიგად წვიმდა!),

                                       მჯეროდა, თუმცა ყრმა არ ვიყავი,

                                       რომ შემრჩებოდა პერანგი წმიდა,

                                       სისხლის წვეთებით დაუწინწკლავი“.

 ამიერიდან, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაივლით შეგეძლებათ ქუდი მოუხადოთ და ქედი მოიხაროთ ამ კეთილშობილი პოეტისა და დიდი ქართველი პატრიოტის წინაშე.

 

 

 


190