როდის მთავრდება საკუთარ თავთან დაპირისპირება?

© Courtesy by Salome Gurgenidzeმხატვარი ირაკლი ჩიქოვანი
მხატვარი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სალომე გურგენიძე

ახალგაზრდა მხატვრის — ირაკლი ჩიქოვანის ნახატებში, შეიძლება ითქვა, რომ წარსულიდან გამოყოლილი ნათელი ფერებია, რადგან მათი სიუჟეტები ძირითადად რეტრო ხასიათისაა. მხატვრობას ფოტოგრაფიის საშუალებით ეზიარა. თავიდან ძველი, შავ-თეთრი ფოტოების მიხედვით ხატავდა, შემდეგ კი მისი ნამუშევრები მთლიანად ფერწერული გახდა.. მხატვრების უმრავლესობის მსგავსად ისიც სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.

-ირაკლი, ზეთში შესრულებულ თქვენს ნახატებში ბევრი ფერია… 

-დიახ, თავიდან  შავ-თეთრი ნამუშევრებით დავიწყე. მაგრამ ყველაფერი ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო, მოგვიანებით მათში ფერებიც შევიტანე და ბოლოს ჩემი ნახატებიც ფერწერული გახდა. 

-თქვენს ხელოვნებაში წინა საუკუნის გარემო და განწყობაა, ანუ თქვენ ხშირად მიმართავთ რეტრო თემატიკას.  საინტერესოა, როგორც მხატვარი, რომელ საუკუნეში ისურვებდით ცხოვრებას?

-ალბათ,ნებისმიერ საუკუნეში შევეცდებოდი, რომ ტილოზე იმ დროის სათქმელი გადმომეტანა…საერთოდ, ფერმწერი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს გრაფიკა.ამიტომ ორივე სტილში ვმუშაობ. როდესაც ფერით ვიღლები, გრაფიკაზე გადავდივარ, ან — პირიქით. მოკლედ, ეს თავისთავად, განწყობის მიხედვით ხდება. თავიდან რაღაც თემას  ვირჩევ და იმ თემას მივყვები ბოლომდე, ანუ ხატვის პროცესში არ ვცვლი ხოლმე სიუჟეტს. ადრე ხშირად ვაკვირდებოდი სხვა მხატვრის ნამუშევრებს, მათ სტილს, დეტალებს, ოსტატობას — ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ასე თანდათან საკუთარი ხედვა და სტილიც ჩამომიყალიბდა.

 -თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე საკუთარ თავთან დაპირისპირებაზე. როგორ დამთავრდა ეს პროცესი და საერთოდ, თუ დამთავრდა? 

-საკუთარ თავთან დაპირისპირება ალბათ იქ დამთავრდა, როცა ჩემს ნახატებში რაიმეს შეცვლის სურვილი აღარ გამიჩნდა. ახლა აღარ ვარ ძველებურად დაძაბული, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ. სულ ვცდილობ, როგორც ხელოვანი განვვითარდე და გავიზარდო. მხატვარმა თუ ჩათვალა, რომ ყველაფერს მიაღწია — იქ ყველაფერი მთავრდება. საკუთარ თავში ყოველდღიურად ვპოულობ ისეთ რამეს, რის არსებობაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა და რასაც ადრე ვერ ვიგებდი. მერე ეს ყველაფერი ნახატებში გადადის.

- ირაკლი, ხომ არ გაიხსენებთ ერთი რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ისტორიას?

-ერთხელ რუსთაველის გამზირზე ვხატავდი და ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და რომ დამინახა, ვხატავდი, გვერდით ჩამომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო. ხატვას აზრობრივად მთლიანად გამოვეთიშე, ისე ვხატავდი… შემდეგ არც შემიხედავს ნამუშევრისთვის რა გამოვიდა,  სახლში წავედი. ნახატი სახელოსნოში რომ ავიტანე, მერე დავხედე და ძალიან მადლობელი დავრჩი… ისე  გამოვიდა, რომ იმ ადამიანის ჩემს გვერდით ყოფნა აუცილებელიც აღმოჩნდა — რაღაც მომენტში იგი იმ შემოქმედებით პროცესში ირიბად უნდა ჩართულიყო…

-რა ხდება დღეს თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

-ამჟამად პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. სად ვაპირებ, ზუსტად არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, გამოფენაზე გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარდგენილი და მისი თემატიკა იქნება ჯაზი. ჩემი ყველა გრაფიკული ნამუშევარი ერთად პირველად გამოიფინება. თან მინდა, გამფენაზე მოსულს სიურპრიზივით მოუწყო თუ რა სიურპრიზი იქნება ეს, ჯერჯერობით საიდუმლოა.

-სიტყვებით შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორია თქვენი თვალით დანახული სამყარო და ადამიანები…

-ჩემი აზრით, სამყაროს და ადამიანებს რაღაც ენერგია აერთიანებს..ვფიქრობ, იმ ჰარმონიას, რაც ბუნებრივად არსებობს, ადამიანი — და მით უფრო ხელოვანი — უნდა გრძნობდეს. ის ერთგვარი გამტარი უნდა გახდეს…ეს ყველაზე დიდი სიბრძნეა, რასაც შეიძლება ადამიანი დაეუფლოს…

 

ყველა ახალი ამბავი
0