,,სწორედ სოფელზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან საქართველოს საქმე არის სოფელი“

© ირმა ლეჟავამწერალი ბესიკ ხარანაული
მწერალი ბესიკ ხარანაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც იმედს იძლევა. უცხოეთიდან რომ ჩამოვა ჩვენი ხალხი, სულ სხვა მოთხოვნები ექნება, რადგან ძველებურად ვეღარ იცხოვრებს და საქმესაც ახლებურად გაუძღვება. მერე სოფლის მეურნეობასაც უკეთ მივხედავთ“.

 ირმა ლეჟავა

 ბევრისთვის საყვარელ მწერალსა და ადამიანს, ბესიკ ხარანაულს რამდენიმე დღის წინ 76 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ დიდ შემოქმედს და ხანგრძლივ ჯანმრთელ ცხოვრებას ვუსურვებთ. ბატონ ბესიკს ინტერვიუსთვის დაბადების დღემდე  ვეწვიე  შინ და ამჯერად შემოქმედებაზე  კი არა, ქვეყნის, კონკრეტულად კი – ქართული სოფლის ჭირ-ვარამზე ვისაუბრეთ. 

 - ჩვენთან, საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა,  თანამედროვე სოფელიაო. მთელ დედამიწაზე, მაგალითად, თბილისი უფრო ჰგავს სხვა ქალაქებს, ვიდრე ჩვენი სოფელი სხვა სოფლებს. არა მარტო ცხოვრების პირობებით, არამედ მეურნეობის მოწყობითაც კი ჩვენში ქალაქსა და სოფელს შორის არც არის დიდი სხვაობა. ჩვენს სოფლის მეურნეობას ახალი მოწყობა სჭირდება. ახალი გზები უნდა გამოინახოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ზედმეტად არ იწვალოს. 

- დაიცალა კიდეც სოფლები, ბავშვები არიან თქვენს სოფელში?

- ძალიან ცოტა, თითო-ოროლა ბავშვი დარბის. აღარავის გვინდა, ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა სოფელს შემორჩეს. მისთვის მოღუშულ და მოწყენილ ცხოვრებას ხომ ვერ ვისურვებთ? ახალგაზრდას განვითარება სჭირდება. ჩვენი სოფლების მეურნეობაც ისეთია, თანამედროვეობას ფეხს ვერ უწყობს. ამიტომაც ვერ ჩერდებიან იქ ახალგაზრდები და თუ ჩერდებიან, სვამენ… არც არავინაა დამშლელი. გული მტკივა, რომ ვუყურებ,  ნაშოვნი ერთი-ორი თეთრით სმას და უსაქმურობას როგორ ამჯობინებენ, არადა რამდენი საქმეა იქვე, მათ გვერდით.

- შუახნის ადამიანიც აღარ  ჩერდება სოფლად, ქალაქად ან საზღვარგარეთ გარბის. ისე, ფშავიდან, მგონი, ქალი უფრო მეტია გადახვეწილი, ვიდრე მამაკაცი, თუ… ვცდები?

- მეც გამიგია, რომ ჩვენიდან ქალების ყველაზე დიდი პროცენტია წასული საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ისრაელში. ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად სასმელს ეტანებიან… ფაქტობრივად, მაინც ეკლესია დგას ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ ხალხი გაჯანმრთელდეს და გამრავლდეს. რა არის, იცი? ეკლესია თავის მრწამსს ეფუძნება, ჰოდა, საერო ცხოვრებაში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთს უნდა აკეთებდნენ, რაიონებსა და სოფლებში ჩამკვდარი ენთუზიაზმი გააღვიძონ.     

- ბატონო ბესიკ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ ე. წ. მთის კანონი  შემოიღო, ასევე, მესამედან ყოველ ახალ დაბადებულ  შვილზე ოჯახებს თანხასაც აძლევენ. ამის გარდა, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საქართველოს რეგიონებისა და სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტიც იწყება. კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობის გადინება შენელდეს?

- ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა მგონია, იცი? ხალხს საქმე გააერთიანებს, შეკრავს. ჩვენი წინაპრებიც ხშირად კონკრეტული მიზეზის გამო ერთპირად შეიკვრებოდნენ ხოლმე, კომუნის მსგავს რაღაცებს ქმნიდნენ და ერთ საქმეს აკეთებდნენ. ახლა რაც გინდა დაუწერე, არაფერი გამოვა, თუკი ხალხმა თვითონ არ აირჩია გზა. თორემ  ასე რომ ურიგო ფული, ხომ?— იმათ ვერ მოაჭარბებ და ვერც გულს მოუგებ? საქმესაც არ გააკეთებენ და ვერც შედეგს მიიღებ.

- თუნდაც წიგნიერების თვალსაზრისით…

- წიგნიერება — ეგ სულ ბოლოა. განათლება ახლა ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო. ჩემი აზრით, უნდა განათლდეს ის, ვისაც ამის მოთხოვნილება აქვს. ასეთი, ვისაც სწყურია განათლება, სამ სოფელში შეიძლება, მხოლოდ ორი კაცი იყოს. ცოდნას ხომ თავისი გზა აქვს, არა? ვისაც უნდა ცოდნა — უნდა და მორჩა! ყალბი, უსაფუძვლო იდეებიც მომრავლდება, მიწაზე რომ არ დგას, ისეთი და  შესაბამის ად — ფუჭადაც წავა.

 ჩემი აზრით, ხალხის აზროვნებაში უნდა შეიცვალოს რაღაც. აღარაფერს ვქმნით ისეთს, რითიც სხვა წარმატებულ ქვეყნებს შევედრებით. დღეს აღარაფერი გვაქვს, რაც იმ ქვეყნებს არ ჰქონიათ, ხომ? ამიტომ  ისეთი რამ უნდა შემოვიტანოთ, შემოვიღოთ, რომ სოფელში იყოს საერთო საქმე, არსებობდეს ურთიერთვალდებულება და სოფელი თავის მიწა-წყალს, თავის თავს, ოჯახს წინ სწევდეს; იცოდეს, რომ თუ წელს მოითმენს, გაისად უკეთესი ცხოვრება ექნება და ა.შ. დღეს ყველა გათითოკაცებული ეწევა თავის უღელს და მხოლოდ ის გაუგია, სადღაც უკეთესი ცხოვრება არისო… მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენს ქართველებს თავისი საქმე უყვარდეთ, არადა იქ, სადაც მისაბაძად არის ბევრი რამ, ანუ საზღვარგარეთ, არა მგონია, ადამიანებს თავისი საქმე ეჯავრებოდეთ. ახლა რომ ვთქვათ, ჩვენკენ, რაიონში, მიწა ისეთი ნოყიერი არ არის, როგორც საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში და ერთადერთი საქმე, რაც შეიძლება აკეთო, ესაა თიბვა და მესაქონლეობა. ამიტომ კარგი იქნება, თუნდაც მესაქონლეობა ისე განვავითაროთ, რომ ადამიანები დილიდან ღამემდე თავიანთ საქონელთან მიბმულნი არ იყვნენ. აბა, წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა: ჩართავენ ტელევიზორს და სხვა ცხოვრებას ხედავენ, მანქანები ქარავნებად დადიან, სულ სხვა რაღაცები ხდება, თვითონ კი ერთ საქმეს არიან მიჯაჭვულები. მართალია, საკუთარ თავს მაინც თავისი საქონელი ურჩევნიათ, მაგრამ ეს მაინც არ არის ნეტარება, ასეთი ცხოვრებით ვერ იგრძნობენ კმაყოფილებას.

- ბატონო ბესიკ, იქნებ, თუნდაც ახალგაზრდობის მენტალიტეტში ბევრი პრობლემის სათავე თუ არა, წილი მაინც ეროვნულობისა და სამშობლოს განცდის დაკარგვაში, ყველაფერი უცხოთი აღფრთოვანებაშია? წინა ხელისუფლებამ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაც“ კი ამოიღო სასკოლო პროგრამიდან, არადა, რამდენ სიყვარულსა და სიკეთეს ვსწავლობდით იმ მოთხრობებითა და ლექსებით!

- ძველ სახეს ვეღარ აღადგენ — ვერც იმ გლეხობას და ვერც იმ „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“.  მე რომ მკითხო, ჩვენი ხალხი ყველაზე არამკითხველი ხალხია. ხოლო ვინც კითხულობს, იმას კითხვა ლამის პროფესიასავით აქვს, თორემ… ქართველები არც ადრე იკლავდნენ მაინცდამაინც თავს კითხვით, მაგრამ იცი, რა იყო? იმხანად ისეთი სისტემა შექმნეს ამ ჩვენმა განმანათლებლებმა — ილია ჭავჭავაძემ და მისმა სკოლამ, ისეთი ძლიერი, რომ დიდი დაფასება ჰქონდა მასწავლებელს, ექიმს, თუნდაც — სწავლას. ახლა სულ სხვა რეალობაა, სხვა მოთხოვნებია. რომ უთხრა ადამიანს, წარმატებული იყავიო, როგორ უნდა იყოს და სად უნდა იყოს — ჩვენს სოფლებში? ან ვისზე წარმატებული უნდა იყოს? არადა, მგონია, სწორედ რომ სოფლებზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან საქართველოს საქმე არის სოფელი. მე ახლა არც რუსეთის იმპერიის მთავრობის თავმჯდომარე პეტრე სტოლიპინი ვარ, აგრარული რეფორმის ავტორი და არც სოფლის განვითარების სახელმწიფოებრივი იდეები მაქვს, მაგრამ… საერთოდ, ქართველები წამბაძველი ხალხია, გვერდით რაც მოეწონება, მას უნდა მიბაძოს. კარგი ცხოვრებაც წამბაძველობით უნდა… არადა, როგორ იწყობს იმ კარგ ცხოვრებას? დავიჯერო, ეგეთი კარგია ცხოვრება, როდესაც დედა ცხრა მთას იქითაა და თავის ნაწველ-ნადღვებს უგზავნის შვილს იმისთვის, რომ მან აქ უსაქმურად იცხოვროს?! რეალურად ხომ ასეა? რა მგონია, იცი? მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი — ზამთარი, ზაფხული, შემოდგომა, გაზაფხული ისე უნდა მოაქციოს რაღაც წესმა, რომ სოფლად ცხოვრება ყველასთვის კარგი ასატანი გახდეს! ამას, მე მგონია, მოთავეობა უნდა და ენთუზიაზმი! ჩვენი კუთხე რომ ავიღოთ, თიანეთი და მის ზემოთ სოფლები — ეს მიწა, რომ იტყვიან, სისხლით არის მორწყული ოდითგან. ჰოდა, ზრუნვა უნდა ამ მიწას. ისეთი ხალხი უნდა იყოს, სამაგისო ნიჭი, განათლება და თავდადება რომ ექნება, რომელიც თავის მიწაზე, ხალხზე, მომავალზე იზრუნებს. ხალხი დგას და ყველგან პოლიტიკაზე ლაპარაკობს, ყველა გაპოლიტიკოსებულია. ყვირიან, ასე და ისე გვიჭირსო, ამ დროს მანქანებითაა გატენილი მთელი საქართველო. თბილისი ხომ გადაივსო? აბა, ახლა სოფლები ნახეთ? მანქანები ქარავნებივით დადიან. ისეთი კაცი მეწუწუნება სიღარიბეზე, მაგალითად, დღე და ღამე მანქანით რომ დადის. მაშინ, როგორღა ასხამს საწვავს? მე რას მეწუწუნები, კაცო! ახლა, პატარა შვილიშვილი მყავს, კატო, ჯერ ექვსი თვისაც არ არის. ჩემთვის ვიძახი: როგორ უნდა შეხედო ადამიანმა ამ ბავშვს თვალებში, ამ ქვეყნის პატრონმა? ეს მოდის განათებული, სუფთა, კრიალა და ათასი რამით აჭრელებულები ვხვდებით. ყველაზე დიდი დამნაშავეები ვართ ბავშვების წინაშე. ეს ხომ ისეთი აზრი არ არის, სახალხო რომ გახადო? ეს არის პირადი ლირიკული აზრი, ხომ? იცი, რა? შენს ხალხს ერთი დღეც არ უნდა მოუსვენო, არ უნდა გააჩერო. სწორს ამბობდა ილია: ერთი წუთი თუ მოუხუჭავ თვალს ცხოვრებას, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი — ნაბადს. მაგ სიტუაციაში ვართ ახლა… დიდიცა და პატარაც პირობებს მოითხოვს და როცა განსაკუთრებულ პირობებს ეძებ, იქ აზრისა და იდეის ადგილი აღარ რჩება. არ გვაქვს მთლად ჯანსაღად საქმე, მაგრამ ნიჭიერები კი ვართ და თანაც ავსა და კარგს ვარჩევთ… ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც იმედს იძლევა. უცხოეთიდან რომ ჩამოვა ჩვენი ხალხი, სულ სხვა მოთხოვნები ექნება, რადგან ძველებურად ვეღარ იცხოვრებს და საქმესაც ახლებურად გაუძღვება. მერე სოფლის მეურნეობასაც უკეთ მივხედავთ.

- დიდი მადლობა საუბრისთვის.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0