Тбилиси

ოქტომბერში საქართველო ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს აღნიშნავს

20
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თბილისში ქართული ბალეტის დამფუძნებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრეს-სამსახურში.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 20-24 ოქტომბერს თბილისში ქართული ბალეტის დამფუძნებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრეს-სამსახურში.

იუნესკოს მიერ 2010-2011 წლებში აღსანიშნავ 63 იუბილეს შორის არის ჭაბუკიანის იუბილეც. იუნესკომ ამ იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ლოგო შექმნა.

რადგანაც საოპერო თეატრის შენობაში რემონტი მიმდინარეობს, საიუბილეო ღონისძიებები სხვადასხვა თეატრებში ჩატარდება.

გალა-კონცერტი 24 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართება ჭაბუკიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, მისი ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია.

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ადრე ჭაბუკიანის ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. ძეგლი საოპერო თეატრის სკვერში დაიდგმება. 

საიუბილეო დღეებში თბილისში ელოდებიან ბალეტის ვარსკვლავებს აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, მოსკოვის დიდი თეატრის დასს, სანკტ-პეტერბურგის მარიას ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის დასს.

საიუბილეო დღეები ჩატარდება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

გამოჩენილი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი,  ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, მამაკაცის ცეკვის რეფორმატორი ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში 1910 წლის 27 თებერვალს დაიბადა. 12 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა თბილისში მოღვაწე ცნობილი იტალიელი მოცეკვავის მარია  პერინის საბალეტო სტუდიაში. 1926-1929 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანმა სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც იგი ძალიან მოკლე დროში აღიარეს როგორც მოვლენა და მას “ქართული სენსაცია” უწოდეს.1941 წლიდან ჭაბუკიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. 1973 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერიდა და ბალეტის საბალეტო დასს. 1950-1973 წლებში იგი იყო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი.

თბილისის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტებიდან აღსანიშნავია ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი ბალეტები: “მთების გული” (კომპოზიტორი ა. ბალანჩივაძე, 1941წ.), “სინათლე” (კომპოზიტორი გ. კილაძე, 1947წ.), “გორდა” (კომპოზიტორი დ. თორაძე, 1949წ.), “მშვიდობისათვის” (კომპოზიტორი დ. თორაძე, 1953წ.), “დემონი” (კომპოზიტორი ს. ცინცაძე 1961წ.). 1957 წელს დადგმული ბალეტი “ოტელო”(კომპოზიტორი ა. მაჭავარიანი)  შექსპირის ტრაგედიის ქორეოგრაფიული ენით ამეტყველების ერთ-ერთ უნიკალურ მოვლენად აღიარეს. 

ჭაბუკიანი სამი სტალინური პრემიის (1941, 1948 და 1951 წლები) და ლენინის პრემიის (1958 წ.) ლაურეატი იყო. მინიჭებული ჰქონდა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1950 წ.).

ჭაბუკიანი 1992 წლის 6 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

20