მოსკოვი

ბაქო და ერევანი დათანხმდნენ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვის თაობაზე

35
(განახლებულია 16:10 09.10.2020)
კონფლიქტის მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება – დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და შეეცადონ ვითარება მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა დაადასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ კონსულტაციებში მოსკოვში, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის მოვლენები შეაფასა>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებზე მიიწვია.

„მიმდინარეობს აქტიური მზადება“, – აღნიშნა დიპლომატმა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

35
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
ყარაბაღი

როდის დამთავრდება ომი ყარაბაღში? ექსპერტის მოსაზრება

113
(განახლებულია 17:35 12.10.2020)
კონფლიქტის მოგვარება მთიან ყარაბაღში რთულდება თურქეთის ინტერესების გამო, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების გაძლიერება სურს, მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გამოცხადებული ზავის რეჟიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმარისი არ აღმოჩნდა მთიან ყარაბაღში ვითარების სტაბილიზაციისა და თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტისთვის, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.

„როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს, და თავიდანვე ასე იყო. აქ ხომ არ იყო მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს მხოლოდ ზედაპირზე ჩანდა ასე. სინამდვილეში ეს იყო უფრო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ“, – განაცხადა არეშიძემ.

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს>>

ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა თურქეთი. თურქეთის მთავარი ამოცანაა თავისი პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დასავლეთის გავლენის შემცირება, აღნიშნა ექსპერტმა

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან“, – განაცხადა არეშიძემ.

თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაჩნდა გარკვეული იმედიც იმისა, რომ ეს კონფლიქტი მუდმივად არ გაგრძელდება.

„გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ ცოტა ხანში გარკვეული ფორმატი შედგება, არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო – გაეროს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და რაღაც გარკვეული შედეგი უნდა დადგეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე დროს, როგორც არეშიძემ აღნიშნა, შედეგი არ დადგება, თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავი გამარჯვებულად არ იგრძნეს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მართლაც უნდა გაიმარჯვონ, აღნიშნა არეშიძემ. მათ უნდა ჰქონდეთ პროპაგანდის, იმის თქმის შესაძლებლობა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს. გამარჯვება იქნება, მაგალითად, თუ ისინი დაიკავებენ იმ მონაკვეთებს, რომლებიც მდებარეობს ყარაბაღის ირგვლივ. ცნობილია, რომ ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანის შვიდი რაიონი ოკუპირებულია სომხეთის მიერ. ამიტომ ეს შეიძლება იყოს შვიდიდან ხუთი რაიონი. ორს სომხეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანი გარკვეულ მონაკვეთებს დაიკავებს, შეძლებენ თქმას, რომ ყარაბაღის დეოკუპაციის პროცესი დაიწყეს. ეს უკვე წარმატება იქნება. ესაა აზერბაიჯანული მხარის პროგრამა–მინიმუმი და ჩათვალეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთისთვისაც, განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მრავალსაათიანი მოლაპარაკებების მსხვლელობისას მოსკოვში 9 ოქტომბერს ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტდნენ ცეცხლს ყარაბაღში 10 ოქტომბრის შუადღიდან, გაცვლიდნენ ტყვეებსა და დაღუპულებს, ასევე დაზავების კონკრეტულ დეტალებს შეათანხმებდნენ. თუმცა უკვე შაბათს მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.

113
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
ილჰამ ალიევი

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს

88
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არ გამორიცხა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეხვედრა არაპროდუქტიული იქნებოდა

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთთან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ბაქო და ერევანი პარასკევს შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან ცეცხლი შეწყდებოდა. გადაწყვეტილება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში მიიღეს. მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

„მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ, ამიტომ ყველაფერი უეთოს მინსკის ჯგუფზე, მისი მუშაობის გრაფიკზეა დამოკიდებული. ჩვენიუ მხარე მზადაა, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს“, – განაცხადა ალიევმა РБК–სთან ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ამასთან, განაცხადა, რომ თუ სომხეთის მხარე დაზავების რეჟიმის ერთგული იქნება, მაშინ დადგება პოლიტიკური მოგვარების ფაზა და დასრულდება მოლაპარაკებების იძულების ფაზა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე წავალთ“, – აღნიშნა მან.

ალიევმა განაცხადა, რომ განცხადება მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგებზე ყარაბაღიდან სომხეთის ძალების გაყვანას გულისხმობს.

„ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალების შეთანხმებულ გაყვანას. რამდენადაც განცხადება ეყრდნობა სუბსტანციურ მოლაპარაკებებს, ეს კი ნიშნავს – საბაზო პრინციპებს, იქ კი ყველაფერი კონკრეტულად წერია, როდის თავისუფლდება ხუთი რაიონი, როდის – კიდევ ორი“, – განაცხადა ალიევმა.

მან არ გამორიცხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან.

საქართველოს პრეზიდენტი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას>>

„ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. ამ ეტპზე ამას პროდუქტიულად არ მივიჩნევ, პირიქით. სომხეთის ხელისუფლებაში, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგონ, რომ ულტიმატუმის, შეურაცხყოფისა და შანტაჟის ენით აზერბაიჯანთან ლაპარაკი არ შეიძლება“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის მეთაურმა აღნიშნა რუსეთის მნიშვნელოვანი როლი არსებული სიტუაციის მოგვარებაში.

„რუსეთი, როგორც ჩვენი მეზობელი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც საერთო ისტორია აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ეფუძნება ისტორიასაც, ჩვენი ხალხების ურთიერთობებსაც, ასევე რუსეთის წონასა და როლს მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენს რეგიონში“, – განმარტა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

88
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
ქალი

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

0
(განახლებულია 18:29 20.10.2020)
2021 წელს არ ღირს მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებსა და მეექვსე გრძნობაზე მინდობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისშივე მოქმედებების გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება.

2021 წელი მარტივი არ იქნება, მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შანსს ზრდის.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელი იქნება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოვემზადოთ „რკინისებრი" წლისთვის და ყურადღება ჯანმრთელობაზე გავამახვილოთ.

ხარი მიზნების თანდათანობით მიღწევის სიმბოლოა და მიმართულია შედეგსა და შრომისმოყვარეობაზე. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზნების მიღწევა 2021 წელს უნდა მოხდეს ემოციების გარეშე, მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო შედეგი არ დადგება.

ქალი ვერძი

წლის დასაწყისში სახლი უნდა მოაწესრიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველმანების გადაყრა და სისუფთავის დაცვა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები შეიძლება უარყოფითად იყვნენ განწყობილი, წესრიგი და სისუფთავე კი ამ უარყოფითი განწყობის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ან უკვე იპოვა და ახლა გულისა და ხელის შეთავაზებას ელოდება.

ქალი კურო

წლის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება თქვენთვის. შეძლებთ წარმატებების მიღწევას საქმეებში, იპოვით ახალ გატაცებას. გაზაფხულის ბოლოდან კი ერთგვარი უიღბლობის დრო დადგება, რომელსაც, პირველ რიგში, ოპტიმიზმით უნდა ებრძოლოთ. არ ღირს ნეგატიურად განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს უარყოფითი პერიოდი მალე გაივლის, შემოდგომაზე ვითარება კვლავ უკეთესობისკენ შემობრუნდება. შვებულების აღების ან სამოგზაუროდ წასვლის დაგეგმვა სწორედ სექტემბერ–ოქტომბრისთვის აჯობებს.

ქალი ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებების პერიოდი გელოდებათ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად, ურთიერთობებში. 2021 წელი იღბლიანი ნაცნობობის დროა. ეს იქნება წელიწადი, როცა შეძლებთ გარკვეული ტოქსიკური აზროვნებისგან გათავისუფლებას, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა გათავისუფლებისა და პოზიტიური აზრების დრო. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.

ქალი კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში კარდინალური ცვლილებების გამო წლის დასაწყისი, თებერვლამდე მაინც, რთული იქნება. ამ პერიოდში სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ საშინაო საქმეებზე, ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე. გაზაფხულის დაწყებიდან წლის ბოლომდე უკვე საჭიროა აქტიურობის რეჟიმზე გადართვა. სამუშაოზე და საქმიანობაში აუცილებელი იქნება მეტი ინიციატივის გამოჩენა.

ქალი ლომი

ლომებმა 2021 წელს სიმშვიდისკენ უნდა აიღოთ გეზი. თითოეული ნერვული დაძაბულობა, გადაღლა უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზე. თქვენ ზოდიაქოს ნიშნებში ერთ–ერთი ყველაზე „უკარება“ ქალების რიცხვში ხართ, თქვენი გულის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ 2021 წელს, სჯობს, ეს დამოკიდებულება ცოტა შეცვალოთ. მამაკაცებს სურთ თქვენთან ურთიერთობების აწყობა, მაგრამ დახურულ კარს თავით არავინ დაუწყებს მტვრევას. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, მთელი წელი სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.

ქალი ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია გაყიდვებს უკავშირდება. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი სიმტკიცე და ძალა უნდა გამოიჩინოთ. სიყვარულში ვარსკვლავები არცთუ კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ რამე ძვირადღირებულის ყიდვა გსურთ, სჯობს, ეს წლის დასაწყისში, ასევე აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალი სასწორი

სასწორებს ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება სახლში ბედნიერების მოზიდვაზე გადაიტანოთ. სახლში გამეფებული ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ აქ უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელებს – დიდია ალბათობა იმისა, რომ რომ საყვარელი ადამიანის ძებნა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ცივ თვეებში მოსალოდნელი არ არის – ელოდეთ სიყვარულს ზაფხულში.

ქალი მორიელი

მორიელებს ცხოვრებაში სასიამოვნო დაუგეგმავი ცვლილებები გელოდებათ. ვარსკვლავები ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებიან, ხოლო მის შესანარჩუნებლად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ექსპერტები დაჟინებით გირჩევენ, არ გააღვივოთ საყვარელ მამაკაცში დანაშაულისა და სირცხვილი გრძნობა, ასევე არ მოაწყოთ მისი ეჭვიანობის პროვოცირება.

ქალი მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, წელი ყველაზე მთავარი ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით დაიწყოთ. აპრილიდან სასიყვარულო თავგადასავლების დრო დადგება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები მათ ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ყველაზე დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე მშვილდოსნებს.

ქალი თხის რქა

2021 წელი თქვენთვის იდეალური დროა სამუშაოს შეცვლის, შემოქმედებითი გარღვევების, ახალი იდეების წამოყენებისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, კარიერული წინსვლისთვის მოქმედება. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნების ჩამონათვალში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლებები გზაზე. 2021 ის წელია, როცა უკან არ უნდა დაიხიოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. თქვენი დევიზი ამ წელს არის „მხოლოდ წინ!“

ქალი მერწყული

ქალ მერწყულებს ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მიმართულებას, რადგან აქ გამართლება ხან იქნება და ხან – არა. გმართებს სიფრთხილეც – შესაძლებელია მოტყუება, თაღლითობა, რის გამოც დიდი თანხა შეიძლება დაკარგოთ. ძვირადღირებული ნივთების შეძენას ასტროლოგები ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში გირჩევენ.

ქალი თევზები

თევზებმა ენერგეტიკის მხრივ უნდა იფრთხილოთ, თორემ ძალა და ენერგია არაფრისთვის გეყოფათ. გაზაფხულზე სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანობა და პოზიტივი გელოდებათ. ზაფხულში ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს და დიდი დრო დაუთმოთ ეჭვებთან და ნეგატივთან ბრძოლას. 2021 წელს ასევე უნდა შეებრძოლოთ იმპულსურობას. არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა.

0